ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები რუსეთში გადაადგილებას უვიზოდ შეძლებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების მიუხედავად, განკარგულება მოქალაქეებს შორის კომუნიკაციასა და კონტაქტებს გაამარტივებს.
ქმედებებს, რომელზეც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი საუბრობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბერლინიდან პასუხობს. ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ კრემლმა გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო და ეს ფაქტი ხელს ვერ შეუშლის ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. საგარეო საქმეთა მინისტრი იმ გარემოებასაც აკონკრეტებს, რომ რუსეთის ფედერაციაში მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს და ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის მისასალმებელია.
საქართველოსთან ფრენები რუსეთმა 2019 წლის ზაფხულში - 20 ივნისის ცნობილი მოვლენების შემდეგ შეაჩერა. დღეს ვლადიმერ პუტინმა პირდაპირი ავიარეისების აკრძალვაც გააუქმა. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვიდან თბილისში, კვირაში 7 პირდაპირ რეისი განხორციელდება. თუმცა როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, მათ შორის ვერ მოხვდებიან სანქცირებული ავიაკომპანიები. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საქართველო სანქციების პოლიტიკის ერთგული რჩება და ჩვენს ქვეყანაში მოსკოვიდან მხოლოდ ის ავიაკომპანიები იფრენენ, რომლებიც რუსეთიდან რეისებს სხვა ქვეყნებშიც, ისრაელში, არაბეთში, ჩინეთში, , თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში ახორციელებენ.
ოკუპანტის გადაწყვეტილება უდროო და მიუღებელია პრეზიდენტისთვის. სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას მკაფიო პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდებს. უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება, პრეზიდენტის აზრით ადეკვატური პასუხი იქნება.
პრეზიდენტის მსგავსად რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნაც არის. ოპოზიციაში ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.
მმართველ პარტიაში ოპონენტებს მიხეილ სააკაშვილის იმ გადაწყვეტილებას ახსენებენ, რომლის თანახმად, ყოფილმა პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომიდან 2 წლის შემდეგ, ცალმხრივად გააუქმა რუსეთთან არსებული სავიზო რეჟიმი. "ქართული ოცნების" ლიდერებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებაზე სააკაშვილის მხარდაჭერაც ახსოვთ, რის სანაცვლოდაც "ქართული ოცნების" განცხადებით, საქართველოს არაფერი მიუღია.
საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნას და ფრენების აღდგენას რუსეთისგან, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებიც ითხოვდნენ. ერთ-ერთი მათგანი იყო აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი. მან 2019 წელს, რუსეთის მხრიდან ავიამიმოსვლის შეწყვეტას არაპროპორციული უწოდა. ელიზაბეთ რუდმა პირდაპირ მოუწოდა რუსეთს, ხალხთა შორის კონტაქტებისა და სავაჭრო ეკონომიკური კავშირების აღსადგენად, გაეუქმებინა ფრენების აკრძალვა. გაუმართლებლად და არაპროპორციულად მიიჩნია 2019 წელს რუსეთის გადაწყვეტილება, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სპიკერმაც. მაია კოციანჩიჩმა მაშინ განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების შეჩერების შესახებ, უარყოფით გავლენას მოახდენდა ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე.