საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველას სურვილია ის უბედურება, რაც უკრაინაში ხდება მალე დასრულდეს. მისივე განცხადებით, უკრაინაში ომის გამო, საქართველო მეორე ფრონტად არ უნდა გადაიქცეს და პოლიგონად არ უნდა იქცეს.
ღარიბაშვილის თქმით, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობა ყველამ ჩვეულებრივად გააგრძელა და არანაირი სანქცია არ ყოფილა.
"აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენთან ხალხი დაიღუპა, დავკარგეთ ტერიტორიები, არაფრის გადახედვა არ მოხდა არავისგან, პოლიტიკა გაგრძელდა ისე, როგორც იყო. თუ გაინტერესებთ, რა ღირებულების საქონელი შეიძინა რუსეთისგან ევროკავშირმა. 2,5 ტრილიონი დოლარის ღირებულების. რა სანქციებზე იყო საუბარი. ჩვენი ტერიტორია რომ არის ოკუპირებული და ომი რომ გვქონდა, ამაზე არავინ არაფერი გააკეთა. მახსოვს, 2019 წელს, როდესაც ფრენები შეაჩერა რუსეთმა, გამოდიოდა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ევროკავშირი და მოუწოდებდნენ რუსეთს, აღადინე ფრენებიო. ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინელებს, ყველას გვინდა, ეს უბედურება დასრულდეს მალე. უკრაინაში რადგან ომი და უბედურებაა, ამის გამო თურმე ჩვენ უნდა ჩავყვეთ, გავნადგურდეთ, მეორე ფრონტი უნდა იყოს, ჩვენი ქალაქები დაიბომბოს, პოლიგონად გადაიქცეს და ქართველ ხალხს არ უნდა მიეცეს ამოსუნთქვის საშუალება. ლოგიკა სად არის," - განაცხადა ღარიბაშვილმა.