მოვუწოდებ სააკაშვილსა და მის გარემოცვას, მაქსიმალურად იზრუნონ, რომ დაემორჩილოს მკურნალობას, ექიმებს, მიაწოდონ საკვები იმ კალორაჟით, რასაც ეუბნებიან ექიმები – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბრეგაძის თქმით, საქართველოსა და სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილებებიც მოწმობს, რომ სახელმწიფო ადამიანის უფლების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს.
"სააკაშვილის ჯანმრთელობის ამგვარ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი არიან ადამიანები, რომლებიც აქეზებენ და უქმნიან ცრუ მოლოდინებს, თითქოს ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესებით, თავისუფლებას მოიპოვებს. სწორედ ის ადამიანები, რომლებიც მას პირდაპირ ეთერში მოუწოდებდნენ, შიმშილობა არ შეეწყვიტა. ეს ძალიან კარგად იციან თვითონ იმ ადამიანებმა. ყველამ უკვე ვნახეთ, რომ საქართველოში არცერთი ინსტანციის სასამართლომ არ ცნო მისი სასჯელი, ასევე სტრასბურგს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც უარი უთხრა დროებით ღონისძიებაზე. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს მოქმედება თავიდან ბოლომდე არის ადამიანის უფლების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი.
კიდევ ერთხელ, ჰუმანური მიზნებიდან გამომდინარე მოვუწოდებ როგორც მსჯავრდებულ სააკაშვილს, ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელიც მისი გარემოცვაა, რომ მაქსიმალურად იზრუნონ, რომ ეს ადამიანი დაემორჩილოს მკურნალობას, ექიმებს. ასევე, მიაწოდონ საკვები იმ კალორაჟით, რასაც მათ ეუბნებიან ექიმები. არც საკვებს აწვდიან იმ კალორაჟით, რასაც ექიმები ეუბნებიან და არც ექიმების გადაწყვეტილებებს ემორჩილებიან. სახელმწიფო აკეთებს, მაქსიმუმს. მას აქვს შექმნილი ყველა პირობა, რომ ჯანმრთელად იყოს და საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოს," - განაცხადა ბრეგაძემ.