საქმეზე "მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" - სტრასბურგის სასამართლომ, ყოფილ პრეზიდენტს დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე უარი უთხრა. ევროსასამართლომ, ექსპრეზიდენტის სასარგებლოდ რეგლამენტის 39-ე მუხლი უკვე მეორედ არ აამოქმედა. სტრასბურგმა მსჯავრდადებულ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი უთხრა.
დროებით ღონისძიებაზე უარის მიღების შემდეგ, სააკაშვილის ადვოკატები სამართლებრივი არგუმენტების წარდგენას, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გეგმავენ. ექსპრეზიდენტის უფლებადამცველის თქმით, დროებითი ღონისძიება იყო ერთ-ერთი ბერკეტი, რომელიც მათ ძირითადი საქმის განხილვამდე გამოიყენეს.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში თავად მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. ექსპრეზიდენტი წერს, რომ სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება.
სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებაზე საუბრობს ყოფილი პრეზიდენტის დედაც. გიული ალასანიასთვის, დროებით ღონისძიებაზე ევროსასამართლოს უარი, მოულოდნელი არ ყოფილა. მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის შტაბში ამბობენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსად წერია, რომ პატიმრის უფლებები არ დარღვეულა.
სტრასბურგის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე. სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში შალვა პაპუაშვილი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, საქართველო მასშტაბური დეზინფორმაციის კამპანიის სამიზნე გახდა.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ, მმართველი გუნდის აზრით, სააკაშვილის საქმეზე მიმდინარე სპეკულაციებს წერტილი დაუსვა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტი მისმა გარემოცვამ პოლიტიკური გეგმის მძევლად აქცია.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს ევროსასამართლოსგან მეორე უარი მიიღო. ექსპრეზიდენტმა სტრასბურგს დროებითი ღონისძიების გამოყენებისა ციხიდან, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 2021 წლის 10 ნოემბერსაც მიმართა. თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ექსპრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებას თავად სააკაშვილის გარემოცვა სთხოვდა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილებით საქართველომ რეპუტაციული ზიანი აირიდა.
ავტორი: ანა ბუავა