15 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
დაპირისპირება ენმ-ში - როგორ ერეოდა ზურაბ ადეიშვილი "ნაციონალური მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებში და რას პასუხობს ნიკა მელიას ბრალდებებს ხაბეიშვილის ფრთა

”ნაციონალური მოძრაობის” ახალი მენეჯმენტის შეფასებით ყოფილი თავმჯდომარის განცხადებების შინაარსი პარტიის რიგით წევრსაც კი არ შეეფერებოდა. გიორგი ბოტკოველმა გუნდში არაფორმალური მმართველობა კვლავ უარყო და აღნიშნა, რომ ზურაბ ადეიშვილს, რომელიც მელიას მტკიცებით კეზერაშვილ-მერაბიშვილთან ერთად პარტიის მართვაშია ჩართული, ნაციონალურ მოძრაობასთან შემხებლობა არ აქვს, თუმცა იქვე ყოფილ თავმჯდომარეს მაინც შეახსენა, რომ სწორედ ზურაბ ადეიშვილს უკავშირდება ნიკა მელიას კარიერული წინსვლა. ბოტკოველმა პარტიის ყოფილი ლიდერი ჭორაობასა და ”ნაციონალური მოძრაობის” მიზანმიმართულ დაზიანებაში დაადანაშაულა.

ნიკა მელიამ ”ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, პარტიული გადატრიალების სცენარის ერთ-ერთ ავტორად "ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში დაასახელა. მისი თქმით, ადეიშვილი იყო და არის ის, ვინც კეზერაშვილსა და მერაბიშვილთან ერთად პარტიას არაფორმალურად მართავს.

ის, რაზეც მელიამ გუშინ ღიად ისაუბრა, დღეს უკვე მისმა თანამოაზრეებმაც დაადასტურეს და მეტიც, თქვეს, რომ სწორედ ამ სამმა ადამიანმა აიძულა ხაბეიშვილი, საარჩევნო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების წინასწარვე წარუმატებელი დაპირება გაეცა.

მელიას თანამოაზრეებს ხაბეიშვილის მეგობრები პასუხობენ და ამბობენ, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა. მათი თქმით, ყოფილი თავმჯდომარის ფლანგი მათ ისევ წინასაარჩევნო სტრატეგიით ებრძვის.

"ნაციონალური მოძრაობის” შიდა მმართველობაში მესამე ყოფილი მაღალჩინოსნის გამოჩენა ოპოზიციის ნაწილს არ უკვირს. ისინი ამბობენ, რომ ზურაბ ადეიშვილის ფაქტორი, შესაძლებელია სამომავლოდ მთავარ ოპოზიციურ ძალასთან თანამშრომლობისთვის კიდევ ერთი ბარიერი აღმოჩნდეს. თუმცა არიან გამონაკლისებიც, რომლებსაც ”ნაციონალურ მოძრაობაში” არაფორმალური მმართველობის არ სჯერათ.

"ქართული ოცნებისთვის” ნაციონალური მოძრაობის შიგნით მიმდინარე პროცესებში მოულოდნელი აღარაფერია, მათ შორის არც ადეიშვილის გამოყვანა პოლიტიკურ სცენაზე. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ”ნაციონალურ მოძრაობას” ისევ დესტაბილიზაციისთვის სჭირდება. სწორედ ამ მიზნებს უკავშირებენ პარტიის შიგნით არსებულ დაპირისპირებასაც.

პროცესების არაფორმალურ მართვაზე ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ჯერ კიდევ მაშინ ალაპარაკდა, როდესაც თანაგუნდელების მოთხოვნით შიდა არჩევნებს დათანხმდა. მელიამ მაშინ მერაბიშვილსა და კეზერაშვილს მთავარი აქტორები უწოდა. დღეს კი, ახალი მენეჯმენტის სათავეში ზურაბ ადეიშვილის გვარიც დაასახელა.

დღის ამბები