15 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, წესით, ბოდიში აქვთ მოსახდელი შესაბამის ევროპარლამენტარებს, ყოფილ სახალხო დამცველს და სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას - ირაკლი კობახიძე 

სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სტანდარტების შესაბამისად, ის იცავს ადამიანის უფლებებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმე დანაშაული შეიძლება ჰქონდეს ჩადენილი კონკრეტულ პატიმარს, – ამის შესახებ  "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლომ ცივი წყალი გადაასხა წელიწადნახევრიან კამპანიას.

"გახსოვთ, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები – და არა მარტო შიდა მხარდამჭერები, ეს იყო ევროპარლამენტის რეზოლუციებში ასახული, სახალხო დამცველი მონაწილეობდა ამ კამპანიაში, ისინი ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოველდღე იყო სიკვდილის პირას, ეს იყო მათი გზავნილი – ისინი ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, სხვა ქვეყანაში გადაყვანას, ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური კამპანია, რომელსაც ჰქონდა კონკრეტული პოლიტიკური მიზნები. სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სტანდარტების შესაბამისად, ის იცავს ადამიანის უფლებებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმე დანაშაული შეიძლება ჰქონდეს ჩადენილი კონკრეტულ პატიმარს. ეს დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, შესაბამისად, ყოველგვარ სპეკულაციებს – მოწამვლას, აბსოლუტურად აბსურდულ ბრალდებებს, სტრასბურგის სასამართლომ გასცა სათანადო და ძალიან მკაფიო პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლო მოქმედებს სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შესაბამისად. 

"მათ წააგეს უამრავი საქმე მათი ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში, ეს საქმეები ეხებოდა ადამიანების წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და ა.შ. მათ ვერ მოიგეს ვერცერთი მათთვის სასარგებლო საქმე. აქედან გამომდინარე, მათი აგრესია სტრასბურგის სასამართლოს მიმართ ბუნებრივია, თუმცა ვხედავთ, რომ სტრასბურგის სასამართლო მოქმედებს სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ვერცერთ საქმეში ვერ იქნებოდნენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები წარმატებული ამ სასამართლო ინსტანციაში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, წესით, ბოდიში აქვთ მოსახდელი შესაბამის ევროპარლამენტარებს, რომლებმაც სამ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, ყოფილ სახალხო დამცველს, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას და ა.შ.

"მათ ბოდიში აქვთ მოსახდელი, თუმცა ჩვენ მაინც და მაინც მათგან ბოდიშს არ ველოდებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მაშინაც იყო მათი პოლიტიკური არჩევანი და დღესაც ისინი მოქმედებენ პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად. ისინი რომ იყვნენ ობიექტური დამკვირვებლები, ბოდიშს მოიხდიდნენ, თუმცა ამის მოლოდინი, სამწუხაროდ, არ გვაქვს“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

დღის ამბები