"ნაციონალურ მოძრაობაში" მორგი დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რომელიც ნიკა მელიას განცხადებას მოჰყვა, შეფასებები კეთდება პარტიის შიგნით. ორ გუნდს შორის პოლიტიკური ბრალდებები გრძელდება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობაში" არაფორმალური გავლენები არ არის და გადაწყვეტილებებს თავად იღებენ.
"სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წევრი ფორმალურად დარჩა წინასაარჩევნოდ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის ტყვეობაში და თუ ამ პოლიტიკურ დღის წესრიგს ისინი ვერ მოსცილდებიან, ეს მათთვისვე იქნება ცუდი იმიტომ, რომ დღეს რეალური პოლიტიკური დღის წესრიგი არის ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები, ეკონომიკური პრობლემები და არა მითიური პერსონაჟები და რაღაც პროპაგანდისტული ხაზი თითქოს და ვიღაც არაფორმალურ გავლენას ფლობს ჩვენს პარტიაში. არავინ არ ფლობს არაფორმალურ გავლენას, მიიღება ლეგიტიმურად გადაწყვეტილებები, სამდივნო იღებს, თავმჯდომარე იღებს და ა.შ."- აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.
პარალელურად, ჩრდილოვან მმართველობაზე საუბრობენ ნიკა მელიას თანამოაზრეები. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ ახლა პარტიის სათავეში დროებითი დაჯგუფებაა, რომელიც "ტკბება რამდენიმე სკამით რაღაც გარკვეული პერიოდი."
"ხაბეიშვილი არ მგონია დანარჩენ ორ ფიგურანტთანაც ახლო ურთიერთობაში იყოს, მაგრამ რეალურად აკეთებს იმას, რასაც ავალებენ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩრდილოვანი მმართველობა, რომელსაც აქვს ადგილი პარტიაში, ეს არ უნდა ხდებოდეს. რა აძლევთ საფუძველს ასე ომახიანად იყვნენ, ცოტა მიკვირს იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც ისინი არიან. დროებითი დაჯგუფებაა, რომელიც ტკბება რამდენიმე სკამით რაღაც გარკვეული პერიოდი იმიტომ, რომ იციან სხვა შესაძლებლობა ამის არ მიეცემათ. ხელისუფლებაში ამ ადამიანებს ვერავინ იხილავს და ოპოზიციის სკამები თუ ვინმეს ათბობს, რაღაც დროის განმავლობაში, კი ბატონო,“ - აცხადებს ბაჩო დოლიძე.
საუბარია პარტიის ყოფილი თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალურ მართვაში, დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის შემდეგ, ახლა უკვე ზურაბ ადეიშვილს ამხელს.