ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დედა აცხადებს, რომ სრულიად განსხვავებული მოლოდინი ჰქონდა.
"ჩემი მოლოდინი იყო სრულიად განსხვავებული და მივიღეთ ის შედეგი რაც არის. საუბარი იყო პოლონეთში გადაყვანაზე, რადგან პოლონეთი იყო ხოლმე, ძირითადად, სულ ამის ინიციატორი. პოლონელი ექიმების არდაშვებაც ვნახეთ, რომელიც მოხდა სრულიად შეგნებულად, რადგანაც ჩვენ ფაქტობრივად არ გვქონდა უახლოესი მონაცემები, ის სასამართლო კი უნდა დაჰყრდნობოდა იმას, რასაც აწვდის "ვივამედი". რაღაც ჩაკეტილი წრეა. შემდეგი ნაბიჯი არის აპლიკაციის განხილვა, რომელიც უკვე ეხება ადამიანების უფლებების დარღვევას. მართალი გითხრათ, მე უფრო ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, ვიდრე ჩემი შვილი. უფრო ამ ეტაპზე უკრაინას ვუყურებთ,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია.
ოპოზიცია თვლის, რომ სააკაშვილის გარემოცვამ ბრძოლა უნდა გააგრძელოს.
”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ მისი აზრით, ამ საქმის წარმოება გაგრძელდება:
"ვფიქრობ, რომ ამ საქმის წარმოება გაგრძელდება. ჩემი აზრით, თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა გააგრძელებს ასეთი ტემპით გაუარესებას და არ იქნება პროგრესი, კიდევ ერთხელ მოუწევს მათ ადვოკატებს მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს,"- აცხადებს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე.