ხვალიდან პარლამენტი ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების განხილვას იწყებს - ცვლილებების პროექტს 15 მაისს ორი კომიტეტი განიხილავს. ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს. ასევე, იცვლება არჩევის პროცედურა და კვორუმი.
ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს განცხადებები "ქართული ოცნების" ლიდერებმა. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მოქმედი მოდელი არც ერთ სხვა განვითარებულ ქვეყანაში არ არის.
როგორც ცნობილია, კანონპროექტის დარეგისტრირების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ კანონად ქცევის შემთხვევაში ამ პროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს და ამ მიმართულებით, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს უფლებას, უმრავლესობა ამ ვეტოს დაძლევს.
"არსებული წესი იყო აბსოლუტურად ირაციონალური და უპრეცედენტო. მსოფლიოში ვერ მეტყვით ვერც ერთ ქვეყანას, სადაც ანალოგიური წესი შეიძლება იყოს დადგენილი, არ არსებობს, უბრალოდ, ასეთი ქვეყანა. ეს წესი დადგინდა ე.წ. 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, ეს იყო ოპოზიციის და ენჯეოების მოთხოვნა. დღეისთვის, მოგეხსენებათ, 19 აპრილის შეთანხმება არის ანულირებული, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ვალდებულება, რომ ირაციონალური რეგულაციები დავტოვოთ საარჩევნო კოდექსში. შესაბამისად, დადგინდება რაციონალური, სწორი რეგულაცია, რომელიც არის შესაბამისობაში თავიდან ბოლომდე საერთაშორისო სტანდარტებთან. ეს არის ამ ცვლილების ერთადერთი მიზანი.
სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, არის გადასული რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე, თავიდან ბოლომდე, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვიკვირს მისი ასეთი განცხადება. თუ დაადებს ვეტოს, ამ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.