"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან საჭიროა შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები სწორად შეირჩნენ.
როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ეს არის ის მოდელი, რომლითაც შესაძლებელი იქნება იუსტიციის საბჭოსა და ზოგადად ქვეყანაში ვითარების გამოსწორება.
"კანდიდატები უნდა შეირჩნენ კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის ნიშნით. უბრალოდ, უმრავლესობა თვლის, რომ თავად აწესებს კრიტერიუმებს და იმას, რაც მას მიაჩნია სწორად, ყველა უნდა დაეთანხმოს. უმრავლესობა თვლის, რომ ის მზად არის შეთანხმებისთვის, ოღონდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დაეთანხმება რაღაცას ანუ, კი არ შევთანხმდეთო, მითხარით კანდიდატები და ჩვენ ვიღაცას შეიძლება დავეთანხმოთო. ეს არ არის ის, რაც კონსტიტუციაში წერია ან პოლიტიკური პროცესის თანმდევი ნაწილია. რაც შეეხება კრიტერიუმებს და კრიტერიუმებით გამოვლენილი კანდიდატებისთვის მხარდაჭერას, ამ დარბაზს ახსოვს სახალხო დამცველის შერჩევის ეპოპეა. სწორედ კომისიის მიერ გამოვლენილი საუკეთესო კომპეტენციის, ნდობის და ყველაფრის მქონე კანდიდატები იქნა უარყოფილი უმრავლესობის მიერ. ამიტომ, ამ ტიპის პოლიტიკური და პიარული გადაძახილ-გადმოძახილებით მგონი ვერავის გავაკვირვებთ. საზოგადოება ხედავს, ესმის და მგონი საზოგადოების ინტერესია, რომ სასამართლოში იყვნენ სწორედ არამოსამართლე წევრები იუსტიციის საბჭოში. პარლამენტში მაღალი კვორუმით იმიტომ არის ეს საკითხი შესარჩევი და კონსტიტუცია ამას იმიტომ გვავალებს, რომ შეთანხმება შედგეს და მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეს ამ ხალხს. ამას სჭირდება კონსულტაციები. აქ გაიჟღერა განცხადებამ, რომ თურმე შიგნით კონსულტაციებია საჭირო. ეს არ არის ვაჭრობა, ეს არ არის ზეწოლა და ოპონენტებთან, ოპოზიციასთან კონსულტაციები დაუშვებელი და მიუღებელია?
იქნებ ჩვენ ყველამ ერთად დავინახოთ ეს რეალობა, რომ საჭიროა შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა. როცა 5 კანდიდატია ასარჩევი, შემხვედრი ნაბიჯები ნიშნავს იმას, რომ მე გავითვალისწინო თქვენი პოზიცია და ვიღაცას ხმა მივცე. თქვენ კიდევ გაითვალისწინოთ ჩვენი პოზიცია და ვიღაცას ხმა მისცეთ. აი, ეს არის ის მოდელი, რომელიც შეგვაძლებინებს იუსტიციის საბჭოშიც ვითარების გამოსწორებას და ზოგადად, ქვეყანაში“, - განაცხადა უსუფაშვილმა.