იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის უმრავლესობასთან ერთად ოპოზიციონერი 5 დეპუტატის მხარდაჭერას ოპოზიციაში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, მათთვის გაუმართლებელი და მიუღებელია.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს იყო 5 ოპოზიციონერი დეპუტატის მმართველ პარტიასთან გარიგება.
"რა თქმა უნდა, გარიგება იყო, რატომ და რის ფასად არ ვიცი, შეიძლება უბრალოდ პოლიტიკური შეთანხმება ჰქონდათ, მაგრამ ფაქტია, წინასწარი შეთანხმება ჰქონდათ და ეს შემთხვევით არ მომხდარა. მეორეს მხრივ, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ასევე მიუღებელი იყო ის გაშმაგებული ლანძღვა ამ ჯგუფის, რაც ვიხილეთ, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს, უბრალოდ უშნოდ გამოუვიდათ. მათ ღიად, საჯაროდ რომ ეთქვათ, რომ მხარს უჭერდნენ და შემდეგ მხარი დაეჭირათ, არც არაფერი არ იქნებოდა, მაგრამ თან ხმა მისცეს, ვითომ ვერ მისცეს, ეს იყო მიუღებელი, ისევე როგორც მათი ასეთი გაშმაგებული ლანძღვა," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ამ ხუთმა ოპოზიციონერმა კანდიდატმა კოლეგები მძიმე ვითარებაში ჩააყენეს.
"მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციაში განსაკუთრებული არაფერი არ ხდება, უბრალოდ, სამწუხაროა, რომ გარკვეულმა ადამიანებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ძალიან ვწუხვარ, რომ ოპოზიციური კოლეგები ამ მძიმე ვითარებაში ჩაგვაყენეს, მარტო თავის თავი არა. უბრალოდ, დარბაზში რომ ვიყავი შოკში ვიყავი, ეს ხმები საიდან გროვდებოდა ვერ გავიგეთ და ეს ყველაფერი გავიგეთ იმიტომ რომ წამოვხტით, გამოვედით დარბაზიდან და მერე ამით გაირკვა ფაქტობრივად, ვინ აძლევდა ხმას." - ამბობს გიორგი ვაშაძე.
მმართველი გუნდის მიერ დასახელებულ იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებს გუშინ უმრავლესობასთან ერთად, ხმა ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, დილარ ხაბულიანმა და ბაჩუკი ქარდავამ მისცეს. რასაც ოპოზიციაში მკაცრი შეფასება მოჰყვა. მალევე ამ 5 დეპუტატიდან ყველამ, ხაბულიანის გარდა, ფრაქცია დატოვა.