15 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
"ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა გადაწყვიტოს სააკაშვილი ჯერ გადასარჩენია, თუ სააკაშვილმა უნდა გადაარჩინოს ქვეყანა - პაატა მანჯგალაძე

დააყენებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს - გავრცელებულ ინფორმაციაზე ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები გრძელდება.

გიორგი გახარიას პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ენმ ამ გადაწყვეტილებით შესაძლოა ცდილობდეს მხარდამჭერების კონსოლიდაციას, თუმცა მათი შეფასებით, ეს პარტია უკვე "წარსულის წარსულია."

"მთელი პროცესი, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, რაც ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში", მის ირგვლივ თუ გარშემო, ადასტურებს მხოლოდ ერთს - ეს პარტია არის წარსულის წარსული.

რაც შეეხება სააკაშვილი რატომ დასჭირდათ, სავარაუდოდ, ფიქრობენ თვითონ რომ ამ დაქსაქსულობას და სისუსტის ფონზე, მათი ძალაუფლების კონსოლიდაცია თუ მხარდამჭერების კონსოლიდაცია მოხდება, თუმცა პირადად ჩვენ ამ რესურსს ამ პარტიაში ვერ ვხედავთ," - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

რაც შეეხება "სტრატეგია აღმაშენებელს", პაატა მანჯგალაძისთვის მნიშვნელოვანია ჯერ მიხეილ სააკაშვილი გამოჯანმრთელდეს. მისი შეფასებით, მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტს პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების რესურსი აღარ აქვს.

"მე არ ვიცი - "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა გადაწყვიტოს სააკაშვილი ჯერ გადასარჩენია, თუ სააკაშვილმა უნდა გადაარჩინოს ქვეყანა. არანაირი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობის შესაძლებლობა სამწუხაროდ მას არ აქვს. სულ არ მაინტერესებს ბევრ ხმას მიიღებს, თუ ნაკლებს, ოღონდ ადამიანი გადარჩეს. დანარჩენს "ნაციონალური მოძრაობა" თვითონ გადაწყვეტს," - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

დღის ამბები