15 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
რუსეთის გადმოგდებული საჩუქარი და ამაზე სიხარულით რეაგირება ხელისუფლების მხრიდან, რისკს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს - ანა ბუჩუკური

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა პოლიტიკურ სპექტრში ისევ დაპირისპირების თემაა. ოპოზიცია ხელისუფლებას ევროპული ინტეგრაციის გზიდან გადახვევაში ადანაშაულებს.

"არცერთი დადებითი კომპონენტი ამას არა აქვს. ჩვენ შეიძლება საფრთხე დაგვემუქროს ევროკავშირში ინტეგრაციის და კანდიდატის სტატუსის მიღების კუთხით, შეიძლება საფრთხე დაგვემუქროს ავიაციის სექტორში სხვადასხვა სანქციების მიმართულებით, შეიძლება საფრთხე შეგვექმნას უკრაინასთან ურთიერთობაში და სხვა ბევრი პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ვასო ურუშაძე.

პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ მთავარია ის ენთუზიაზმი და განწყობა, რითაც ხელისუფლება შეხვდა რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის მოხსნისა და ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას.

"რუსეთი რომ მტერია და მავნებელია, ეს ვიცით, მაგრამ ამ ყველაფერს როგორც შეხვდა ხელისუფლება, სინამდვილეში, ესაა პრობლემა. ფაქტობრივად, მიესალმნენ უვიზო რეჟიმისა და ფრენების აღდგენას. არსებული სიტუაციისა და კონტექსტიდან გამომდინარე, რუსეთის მიერ გადმოგდებული საჩუქარი და ამაზე რეაგირება ხელისუფლების მხრიდან, კერძოდ, სიხარულით რომ შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის არის დამაზიანებელი და რისკს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს,"- აცხადებს ბუჩუკური.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებას" ამ ყველაფრის გამო მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

"ეს არის ჰიბრიდული ომის, რბილი ძალის კომპონენტის გააქტიურება. სამარცხვინოა, რასაც აკეთებთ და ამისთვის მოგიწევთ სამწუხარო პოლიტიკური ფასის გადახდა. გრძელი სადღეგრძელოების ნაცვლად - სამშობლოზე, გმირებზე, თავდადებულ მეფეებზე, ჯობია, რომ ქუჩაში გამოვიდეთ და ეს სადღეგრძელოები გადმოვიტანოთ საქმეში,"- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები