დააყენებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს - პარტია პატიმარი პაციენტის პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, თვეების წინ საკუთარი პარტიისგან და ქართული პოლიტიკისგან დისტანცირდა, "ნაციონალურ მოძრაობაში" არ გამორიცხავენ, რომ საკითხზე კონსულტაციები დაიწყოს. ამასთან დაკავშირებით, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ საუბარი ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, თუმცა კონსულტაციებში მიხეილ სააკაშვილის როლს ხაზს უსვამს.
"პარტიის სტრუქტურული რეორგანიზაცია და ფორმირება ხდება იმისათვის, რომ პარტია მოემზადოს იმ პოლიტიკური პროცესებისათვის, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს. მთავარი ოპოზიციური პარტია ამ პროცესების სათავეში უნდა იყოს და წარუძღვეს, როგორც სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ასევე, საზოგადოებას იმისათვის, რომ ქვეყნის ინტერესები დაცული იქნეს.
საუბარი ახლა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არ არის, არც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე, მაგრამ ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილი არის ამ პარტიის ლიდერი, დამფუძნებელი. მასთან პოლიტიკური კონსულტაციები თავისთავად იქნება," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.