კახეთში, რუსული ქორწილის ჩაშლის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა ინფორმაციის წყაროდ შინაგან საქმეთა მინისტრი დაასახელა და დაადასტურა, რომ სერგეი ლავროვის სიძის ძმამ და ახლობლებმა საქართველო დატოვეს. პრეზიდენტმა ფაქტი საზოგადოების გამარჯვებად შეაფასა, ხელისუფლებას კი საზღვარზე სანქცირებულთა სიის გამოყენება ურჩია.
პრეზიდენტის არ სჯერა ოპოზიციას. გიორგი ბოტკოველმა პრეზიდენტის განცხადებას სამარცხვინო უწოდა და ინფორმაციის გადასამოწმებლად სასტუმროს ტერიტორიაზე შესვლა მოითხოვა.
საპროტესტო აქცია ყვარლის ტბასთან დილიდან დაიწყო. ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები სასტუმროსთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები ქორწილის გადახდას გეგმავდნენ. ხმაურისა და დაპირისპირების დროს, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით, 16 პირი დააკავეს, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ჩიქოვანი.
დღის მეორე ნახევარში დააკავეს ელენე ხოშტარია, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს პოლიციის სამხარეო სამმართველოსთან დაუპირისპირდა.
ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პირველად მაშინ, როდესაც სასტუმროს ტერიტორია ერთმა ავტომობილმა დატოვა, რომელსაც შეკრებილები შეძახილებით და კვერცხებით დახვდნენ.
სასტუმროსთან დილით მივიდა ნიკა მელია. მან დაგეგმილი ქორწილი გააპროტესტა და მედიასთან კომენტარის შემდეგ, ტერიტორია მალევე დატოვა.
გაირკვა, რომ ყვარელში რუსი მუსიკოსის მიკა (მოშე) ვინოკუროვის ქორწილი იგეგმებოდა. მანამდე მან, ხელი თბილისში მოაწერა და სადღესასწაულო ღონისძიებისთვის ახლობლებთან ერთად, ყვარელში გაემგზავრა. ცნობილია, რომ ვინოკუროვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძის ძმაა. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქორწილს ლავროვის ქალიშვილიც ესწრებოდა, თუმცა, სასტუმრო "ყვარლის ტბამ" ეს ინფორმაცია უარყო. მიკა ვინოკუროვი სოციალურ ქსელში აქტიურია. მას მითითებული აქვს, რომ ისრაელის მოქალაქეა. დაგეგმილი ქორწილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ, მუსიკოსის ფეისბუქ-ფოტოები გავრცელდა, სადაც ის პროტესტს გამოხატავს უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის მიმართ.
ყვარელში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა "ქართული ოცნება". საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ საქართველოში ვერცერთი სანქცირებული პირი ვერ შემოვა.
"ქართული ოცნების" წევრებმა ოპოზიცია პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულეს და 2011 წელის 28 ოქტომბერს, ქართველების მიმართ აგრესიით გამორჩეული, რუსი რეჟისორის ნიკიტა მიხალკოვის შვილის საქართველოში გამართული ქორწილი ამ ქორწილში მიხალკოვისა და სააკაშვილის შეხვედრა შეახსენეს.
დაპირისპირების დროს დაკავებული პირები კახეთის სამხარეო პოლიციის იზოლატორში იმყოფებიან. ყველა მათგანს პოლიციის წინააღმდეგობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. დაკავებულების საქმეზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.