რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა პოლიტიკურ სპექტრში ისევ დაპირისპირების თემაა - ოპოზიცია ფრენების აღდგენაზე თანხმობის გაუქმებას მოითხოვს, ხელისუფლება კი მოქალაქეებისა და ქვეყნის ინტერესებზე საუბრობს.
ის, რაც საქართველოს მთავრობამ რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემდეგ თქვა, დღესაც გაიმეორე. "ქართული ოცნება" პირობას დებს, რომ საქართველოს ცა სანქცირებული ავიაკომპანიებისთვის მომავალშიც ჩაკეტილი დარჩება.
მმართველი გუნდის წევრები ოპონენტებს 2008 წლის ომის შემდეგ გადადგმულ ნაბიჯებს ახსენებენ და ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებენ.
"ძალიან მარტივად განიმარტა ის, თუ რას გამოიწვევდა საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ეს 10%-დან -8%-მდე ეკონომიკური ვარდნა იქნებოდა, რაც ქართული ეკონომიკისთვის სრული კატასტროფაა. ვიღაცები რაღაც პერიოდის განმავლობაში სანქციებზე საუბარს ვეღარ ბედავდნენ, თუმცა ახლა დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციას სანქციები უნდა დაუწესოს. ეს საკუთარი ხალხის დასჯას ნიშნავს. როდესაც ასეთ ვითარებაში რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვ, ამის უკან ერთადერთი მიზანი დგას. ეს არის ქვეყანაში ვითარების დამძიმება და ეკონომიკური პრობლემების შექმნა. იმედი აქვთ, რომ ეს ყველაფერი მეორე ფრონტამდე მიგვიყვანს, თუმცა მათი მცდელობა კიდევ ერთხელ წარუმატებელი იქნება. ჩვენ მკაფიო პოლიტიკა გვაქვს, სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველო არც არსებულ სანქციებს აუვლის გვერდს," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.