15 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
არ შეიძლება სანქცია ეხებოდეს ოჯახის წევრს, ეს მიდგომა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების სტუმრობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არ შეიძლება სანქცია ეხებოდეს ოჯახის წევრს, ეს მიდგომა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს.

მისი განმარტებით, საქართველო ოკუპაციის შესახებ კანონით ხელმძღვანელობს და თუ ამ შემთხვევაში აღნიშნული კანონი არ იყო დარღვეული, საბაჟო სამსახურს არ ჰქონდა საფუძველი, რომ კონკრეტული პირები საქართველოში არ შემოეშვა.

"უნდა ითქვას რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს სახელმწიფო ქვეყანაში კონკრეტული ადამიანების შემოსვლის დროს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო არ არის მიერთებული სანქციებს, ჩვენ არ გვაქვს დაწესებული სანქციები რუსეთის ფედერაციისთვის და ამის მიზეზები არა ერთხელ განიმარტა. არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ, მთავარი კრიტერიუმი არის ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა-არ დარღვევა. ამ შემთხვევაში, თუ არ იყო დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, რა თქმა უნდა, საბაჟო სამსახურს არ ჰქონდა საფუძველი იმისათვის, რომ კონკრეტული პირები არ შემოეშვა საქართველოში. დანარჩენზე შესაბამისი უწყებები გასცემენ პასუხს, მაგრამ თქვენც გირჩევთ, რომ თავიდან ბოლომდე იხელმძღვანელოთ „ოკუპაციის შესახებ“ კანონით, რომელიც არის მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი თითოეული უწყებისთვის.

პერსონების სანქცირებასთან დაკავშირებით მინდა განვმარტო ორი რამ - პირველი, როდესაც ჩვენ არ ვუერთდებით სანქციებს ამაში იგულისხმება, მათ შორის, პერსონალური სანქციებიც, ანუ ჩვენ არ ვუწესებთ რუსეთის ფედერაციას სანქციებს და ამაში იგულისხმება, მათ შორის, პერსონალური სანქციების არ დაწესებაც. მეორე, თეორიულადაც, რომ განვიხილოთ ვინმეს პერსონალური სანქცირება რამის გამო, ეს შეიძლება შეეხებოდეს, როცა საქართველოზე, სამართლებრივ სახელმწიფოზეა საუბარი, მხოლოდ იმ ადამიანებს ვისაც დანაშაულებრივი ქმედება აქვთ უშუალოდ ჩადენილი. არ შეიძლება სანქცია ეხებოდეს ოჯახის წევრს, ეს მიდგომა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. მე ვარ ადამიანის უფლებების სპეციალისტი, გერმანიაში მაქვს თავის დროზე ეს სფერო ნასწავლი და პირდაპირ, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ოჯახის წევრის სანქცირება უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს და ეს არის ძალიან რბილი შეფასება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები