15 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
ქვეყნისთვის დამცინავად გამოიყურება კობახიძის შეთავაზება. ვნახეთ, რაც მოხდა იუსტიციის საბჭოს წევრების შერჩევასთან დაკავშირებით - გიორგი ბოტკოველი

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების შესარჩევად კონსულტაციებს კიდევ ერთხელ სთავაზობს. შეხვედრები სავარაუდოდ მომავალ კვირას გაიმართება. პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს 3 წევრი უკვე შეარჩია, დანარჩენ ორ პოზიციაზე კი 4 კანდიდატია წარდგენილი.

ოპოზიციის ნაწილი პროცესში ჩართვას არ აპირებს.

"ქვეყნისთვის დამცინავად გამოიყურება კობახიძის შეთავაზება. ვნახეთ, რაც მოხდა იუსტიციის საბჭოს წევრების შერჩევასთან დაკავშირებით. შეიძლება ჩაითვალოს, რომ "ოცნებამ" უკვე გაინაღდა კონკრეტული ადამიანების რაოდენობა და კონკრეტული პიროვნებები, ვინც უნდა გამხდარიყვნენ იუსტიციის საბჭოს წევრები და ახლა ვითომ რაღაცა შემოთავაზება აქვთ," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოტკოველი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ კონსულტაციებში ჩართვის შესაძლებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ "ოცნება" თავად შერჩეულ 4 კანდიდატს ჩააგდებს და პროცესს ხელახლა დაიწყებს.

"ვიღაც დეპუტატებს -ზოგი დააშანტაჟეს, ზოგს გაურიგდნენ, ზოგი შეცდომაში შეიყვანეს, ობიექტურად ვთქვათ... ასე ესმის კონსულტაციები "ქართულ ოცნებას" და მთავარი გზავნილი მურუსიძისთვის, კლანის წარმომადგენლებისთვის არის, რომ "ბიჭო, მაგრად იყავით, ჩვენ თუ დაგვჭირდა, ყველაფერზე წამსვლელები ვართ!".

სასამართლოსთან დაკავშირებით, ამ პროცესში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. თუ "ქართული ოცნება" ჩააგდებს იმ 4 კანდიდატს, ვინც თვითონ შეარჩია და ხელახლა გამოაცხადებს პროცესს, აქ შეიძლება კიდევ რაღაცაზე ვიფიქროთ, მაგრამ არსებული კანდიდატებიდან, რომელიც „ქართული ოცნების“ მოწონებულია მხოლოდ, ამ პროცესში შევიდე ეს იქნება "გაპრავება"," - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები