პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების შექმნის საკითხი "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედ და ყოფილ წევრებს შორის უთანხმოების მიზეზია. საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიღების შემთხვევაში, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.
ცვლილებების საფუძველზე, სურვილის შემთხვევაში, პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა "ნაციონალური მოძრაობიდან" ცოტა ხნის წინ გასულ ოთხ დეპუტატსაც ექნება.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ დაჩქარებული ცვლილებები დროში ემთხვევა, ოპოზიციიდან ხუთეულის ხმის მიცემას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის.
"ბუნებრივია, რომ ამასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, მით უმეტეს, ჩვენ გვახსოვს, რომ გოცირიძეს და დეკანოიძეს უარი უთხრეს პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე, თუმცა ახლა "ქართულმა ოცნებამ" შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და დაჩქარებული წესით განიხილა ეს ბიუროზე და კომიტეტებზე. ცხადია, ისმევა კითხვა, მაშინ როდესაც ამ 5-მა დეპუტატმა მიიღო გადაწყვეტილება, რაც მიიღო იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით, შემდეგ ეს დეპუტატები გაირიცხნენ ფრაქციიდან და რატომ დაემთხვა ეს დროში იმას, რომ "ქართულ ოცნებას" მოუნდა ახლა ამ კომფორტის შექმნა აღნიშნული დეპუტატებისთვის და ამ ცვლილების მიღება", - განაცხადა ანა წითლიძემ.
პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რაში იყო საქმე, ამიტომ ნუ აკეთებენ უზნეო ინტერპრეტაციებს.
"ნატო ჩხეიძეს უნდოდა პოლიტიკური გუნდი შეექმნა, როდესაც ის იყო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ემსახურება ავტომობილი, ხუთვარსკვლავიანი წარმომადგენლობითი მანქანა, ბენზინი, მძღოლი. რა მოტივი უნდა ჰქონოდა ნატო ჩხეიძეს მაშინ, არ ხლა რა თქმა უნდა მათ აქვთ მოტივი, ვინაიდან წამოვიდნენ თუ გამოუშვეს და რა თქმა უნდა, როდესაც ეს პარტია ცალკე, პოლიტიკური ჯგუფის შესახებ მოტივი ექნებოდა. ამიტომ, ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რაში იყო საქმე, ამიტომ ნუ აკეთებენ უზნეო ინტერპრეტაციებს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, ჩვენ, არანაირი შეთანხმება "ნაციონალური მოძრობის" ფრაქციის წევრებთან არ გვქონია, ყველას ვურჩევდი, მიზეზები სხვაგან ეძებონ
"იმ დღეს, როდესაც ეს ცვლილებები დაიბლოკა, მე და ბატონმა რომან გოცირიძემ გავმართეთ ბრიფინგი და მეორე დღესვე ეს ცვლილებები იყო დაინიციირებული ჩვენს მიერ. ჩვენ, არანაირი შეთანხმება "ნაციონალური მოძრობის" ფრაქციის წევრებთან არ გვქონია. მე ყველას ვურჩევდი, მიზეზები სხვაგან ეძებონ. თუ ჩვენ პოლიტიკურ ჯგუფზე მოგვცეს ნებართვა, ისინი არ იქნებიან ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის წევრები და მე არავისთან კონსულტაცია არ მქონია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, "ნაციონალური მოძრაობას" სურდა, რომ ამ ადამიანებს ფრაქცია არ დაეტოვებინათ და ამასთან დაკავშირებით იყო კიდევაც მოლაპარაკებები", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.