სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებას რუსეთის მხრიდან პირდაპირი ფრენების აღგენის შესახებ, შეფასებები მოჰყვა თბილისში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, აღქმებს არავინ უნდა აჰყვეს, რადგან მთავარი ფაქტების დაკვირვებაა. ფრენები კი სანქციებს არ არღვევს.
"მნიშვნელოვანია ჩვენ აღქმებს არ ავყვეთ და შევხედოთ ფაქტებს. ფაქტი არის შემდეგი: აქ არანაირ აღდგენებზე არ არის საუბარი. საქართველოს არასდროს თავისი მხრიდან არ შეუწყვეტია პირდაპირი ფრენები რუსეთთან დაკავშირებით, საქართველოს მხრიდან რაიმე გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 2008 წელს გვქონდა ომი რუსეთთან და მიუხედავად ამისა, მაშინდელი ხელისუფლებას და შემდეგი ხელისუფლებასაც არანაირ ბარიერს არ უქმნიდა პირდაპირ ფრენებს. პირდაპირი ფრენები დაკეტა რუსეთმა 2019 წელს და ამ გადაწყვეტილებით მან საკუთარი მაშინდელი გადაწყვეტილება უკან წაიღო. ამიტომ აქ საქართველოს საერთოდ არაფერი არ გაუკეთებია გარდა იმისა, რომ ის რჩება იმ პოლიტიკის ფარგლებში, რომელი პოლიტიკაც ჰქონდა აქამდე.
მნიშრვნელოვანია ერთი მომენტი როცა საუბარი არის შეშფოთებებზე. დააკვირდით ამ განცხადებებს, არც ერთ განცხადებაში, არც ერთი უცხოური პოლიტიკოსი იქნება თუ რაიმე სტრუქტურა, არავინ არ ამბობს, რომ ამ ფრენებით ხდება გვერდის ავლა სანქციის ან რომელიმე სანქციის დარღვევა - ეს არის ფაქტი.
შევთანხმდეთ იმაზე, რომ პირდაპირი ფრენები არც ერთ საერთაშორისო სანქციას არ არღვევს. აქედან გამომდინარე თუ კი სხვა რაიმე მოტივაცია არის ამ შეფასებების უკან, მაშინ ამ მოტივაციებზეც უნდა ისაუბრონ.
ჩვენ ერთის მხრივ არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას საქართველოს გამოყენებით და ამაში საქართველო არის აბსოლუტურად კეთილსინდისიერი და არც ერთი ფაქტი, ჭორი, ეჭვი არ არსებობს.
და მეორე - ჩვენ არ ვაწესებთ ორმხრივ სანქციებს. სანქცია ნიშნავს ესკალაციას, ესკალაცია ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც რთულია პროგნოზირება რა იქნება შემდეგი, იქნება ეს ეკონომიკური კონტრდარტყმა საქართველოს მიმართ, თუ იქნება ეს სხვა სამხედრო სახის რისკები.
იმ პირობებში, როდესაც არც ერთი ქვეყანა და არც ერთი ორგანიზაცია საქართველოს არ აძლევს სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიებს, ამ პირობებში საქართველოსგან იმის მოთხოვნა, რომ საქართველომ დააწესოს ორმხრივი სანქციები - არის უსამართლობა," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.