15 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
არცერთ ქართულ ოპოზიციურ ძალას არ უთქვამს, რომ ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ ძალით - ჰერმან საბო

ქვეყნის ნებისმიერი სამომავლო პერსპექტივა მხოლოდ ამ დათქმით განიხილება - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა! - განცხადებას სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძე აცრველებს.

განცხადებას მალევე ოპოზიციონერებიც გამოეხმაურნენ და აღნიშნავენ, რომ კანდიდატის წევრობის და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მმართველი გუნდისთვის მანიპულაციის საგანი გახდა. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ საქართველო დეკლარირებული ინტერესების წინააღმდეგ მიდის. 

"მთელი ეს პროცესი არის მანიპულაცია და ჩვენი ქვეყნის დეკლარირებული ინტერესების წინააღმდეგ სვლა. ქვეყნის მთავარი ინტერესი არის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტი უზრუნველყოფა, რა თქმა უნდა მშვიდობიანი გზით. ერთ დოკუმენტს ვერ ნახავთ, სადაც ოპოზიცია ამის საწინააღმდეგოს და საპირწონეს აკეთებს. ამ მოცემულობაში, ეს კიდევ ერთი მანიპულაციაა და კიდევ ერთი მცდელობაა, რომ გააშავონ ოპოზიცია", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართელო დეკემბერში თუ მიიღებს კანდიდატის სტატუსს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე იქნება.

"დეკემბერში თუ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, იქნება ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე, რა თქმა უნდა. საქართველო ევროკავშირის წევრი თუ გახდება, ორ, სამ ან ოთხ წელიწადში, იქნება ევროკავშირის წევრი ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე. ყველაფერს უკუღმა ატრიალებენ, რომ როგორმე გამოადნონ ანტიდასავლური და ანტიოპოზიციური მესიჯები", -  განაცხადა რომან გოცირიძემ. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი აცხადებს, რომ არცერთი ქართული ოპოზიციური პარტია ტერიტორიების ძალისმიერი მეთოდებით დაბრუნებას არ ემხორობა. 

"არცერთ ქართულ ოპოზიციური ძალას, არ უთქვამს, რომ ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ ძალით. ყველა ხაზგასმით ამბობს, რომ ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანად, შესაბამისად მე ვერ ვხვდები ხელისუფლების ბრალდებები რაზე ეფუძნება . ჩვენ თუ ძალით დავიბრუნეთ, ეს არ იქნება იმ ხალხის დაბრუნება ვინც იქ ცხოვრობს და ვისაც ჩვენს მოქალაქეებად ვთვლით", - განაცხადა ჰერმან საბომ.

დღის ამბები