პოლიტიკური ჯგუფების შექმნა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის, ისევ დაპირისპირების მიზეზია. ანა წითლიძის განცხადებით, დეკანოიძის და გოცირიძის ინიციატივა, მათსავე საწინააღმდეგოდ "ქართულმა ოცნებამ" კარგად გამოიყენა.
"გუშინ მოვისმინე პარლამენტის თავმჯდომარისა და არჩილ თალაკვაძის კომენტარები ამასტან დაკავშირებით და ეს კომენტარები ჩემს ინიციატივაზე რომ გაეკეთებინათ მე ნამდვილად უხერხულობას ვიგრძნობდი. მათ გვითხრეს, რომ თურმე რეგლამენტი დაჩქარებული წესით ეს ცვლილება შემოიტანეს იმიტომ, რომ ხელს უწყობენ პარლამენტში მრავალპარტიულ საქმიანობას,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი ანა წითლიძე.
ხატია დეკანოიძე კი აცხადებს, რომ ქალების ინსტრუმენტალიზაცია სხვებზე თავდასხმისთვის ძალიან უხერხულია:
"მე თვითაქტუალიზაციისთვის ტალახის სროლაში არავის არ შევყვები და მათ შორის, არც "ნაციონალურ მოძრაობას". ყველას ვურჩევ საკუთარ ფრაქციაში დასვან კითხვები, ასევე ვფიქრობ, რომ ქალების ინსტრუმენტალიზაცია სხვებზე თავდასხმისთვის არის ძალიან უხერხული. თამარ ჩარკვიანი ამაში ჩემპიონია," - აღნიშნავს პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე.