"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანი წითლიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა იმ ინიციატივაზე, რომელსაც "ქართული ოცნება" დაჩქარებული წესით განიხილავს და რომელიც უფრაქციოდ დარჩენილ დეპუტატებს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობას აძლევს.
ანი წითლიძე საეჭვოდ მიიჩნევს იმას, რომ ინიციატივის განხილვა დროში დაემთხვა პროცესებს, რა დროსაც რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ხმა მმართველი გუნდის კანდიდატს მისცა, რის შემდეგაც ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" დატოვება მოუწიათ.
"პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ პარლამენტის ისტორიას არ ახსოვს, როდესაც დაჩქარებული წესით "ქართულ ოცნებას" ოპოზიციის ინიციატივები განეხილა. არა მხოლოდ რეგლამენტში ცვლილებებზე და პოლიტიკური ჯგუფის შექმნებზე, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზეც კი, როგორიცაა, მაგალითად, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება, სანქცირებული რუსეთის მოქალაქეების არშემოშვება, ასევე, სხვა ეკონომიკური თუ საგანმანათლებლო ინიციატივები, რომლებიც ჩვენ გვქონია. არცერთი ეს ინიციატივა, არათუ დაჩქარებული წესით არ გაუტანია "ქართულ ოცნებას", საერთოდ არც განუხილავთ, გადააქვთ სესიიდან სესიაზე და თაროებზე აქვთ შემოდებული.
ამიტომაც გაჩნდა კითხვა. ჩემთვის ეს არის აბსოლუტურად მოულოდნელი და აუხსნელი, რა აუცილებლობა იყო დაჩქარებული წესით ამის განხილვის. ახლა მაყურებელს უნდა ავუხსნათ, რა იყო ეს - ეს, რეალურად, იყო ის, რომ მანამდე, კანონმდებლობით, საარჩევნო ბლოკით გასულ წევრებს, თუ ისინი დატოვებდნენ ფრაქციას, პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ხატია დეკანოიძემ და ბატონმა რომან გოცირიძემ მიმართეს ერთხელ პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე, თუმცა, უთხრეს უარი. მე ვფიქრობ, რომ "ქართულმა ოცნებამ" მათი ეს ინიციატივა კარგად გამოიყენა სათავისოდ. მას შემდეგ, რაც ეს ცნობილი მოვლენები მოხდა, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს მისცეს ხმა ოპოზიციიდან დეპუტატებმა, რატომღაც გადაწყვიტა "ქართულმა ოცნებამ", რომ ეს ინიციატივა დაჩქარებული წესით მიეღო და ამ ადამიანებისთვის პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა მიეცა.
ახლა უნდა ავხსნათ რა არის პოლიტიკური ჯგუფი - პოლიტიკური ჯგუფები არის, ფაქტობრივად, იმავე დაფინანსებით, რა დაფინანსებაც აქვს ფრაქციას - ეს არის თვეში 10 000 ლარი. აქ არ არის მარტო წუთებზე საუბარი, ამიტომ არასწორია ამაზე აქცენტის გაკეთება. თუ მხოლოდ 15 წუთიანი დრო უნდათ, შეუძლიათ ამ ცვლილებაში ჩაწერონ, რომ მხოლოდ 15 წუთიანი დრო უნდათ და ეს დაფინანსება არ უნდათ. მე არაფერს ვამტკიცებ, მე ვსაუბრობ ფაქტებით, ხოლო ფაქტი არის ის, რომ მანამდე არასდროს განხილულა ოპოზიციის ინიციატივა და ახლა ოპოზიციის ლიდერები გამოდგნენ და ამბობენ, რომ ამ ინიციატივას მხარს იმიტომ დაუჭერენ, რომ თურმე მრავალპარტიული პარლამენტი უნდათ. როდის შემდეგ ზრუნავს "ქართული ოცნება" ოპოზიციის კომფორტზე, არ ვიცი," - აცხადებს ანი წითლიძე.