"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება ურთიერთბრალდებების მიზეზია პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია მმართველ პარტიის განცხადებას პრეზიდენტის მიმართ მუქარად აღიქვამს.
პარლამენტის წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს განცხადება ერთგვარი პრევენციაც შეიძლება იყოს სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის წინ.
"პირველი, რაც მე ამოვიკითხე ამ ტექსტში იყო ის, რომ მათ არავითარი გამართლებული არგუმენტაცია არ აქვთ, თუ რატომ ცვლიან საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს. მეორე, ღიად მიანიშნებენ იმას, რომ შეწყალების მექანიზმთა ბერკეტს თუ გამოიყენებს საქართველოს პრეზიდენტი, მაშინ შეიძლება ეს დამატებითი მის წინააღმდეგ მუქარაა და მესამე, ალბათ უფრო ეს არის ევროპარლამენტში მისი გამოსვლის წინ გაკეთებული განცხადება. იციან, რომ საქართველოს პრეზიდენტი აუცილებლად გააკრიტიკებს იმ ძალიან მძიმე პრორუსულ კურსს, რომელიც აღებული აქვს ქართულ ოცნებას,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებასა" და სალომე ზურაბიშვილის ქმედებები იდენტურია, მათ შორის სხვაობა მხოლოდ საუბარია.
"ჩემთვის არანაირი სხვაობა არ არის სალომე ზურაბიშვილსა და რუსულ პარტიას შორის. ერთია, რომ უბრალოდ საუბრობს და არ მოქმედებს, თუ მოქმედება უნდა სალომე ზურაბიშვილს, შეუძლია გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი, შეუძლია გაათავისუფლოს ნიკა გვარამია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორ რუსულ შიდა ძალას შორის არის დაპირისპირება იმიტომ, რომ მათ შორის საუბრის გარდა არაფერი სხვაობა არ არის. ქმედებებით აბსოლუტურად იდენტურია," - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები მის ქმედებებთან თანხვედრაში ვერ მოდის.
"სანამ პრეზიდენტი ამ თავის სიტყვებს არ მოიყვანს თანხვედრაში ქმედებებთან, ძალიან რთულია შეაფასო, რამდენად ღრმა არის. თუ მართლა დაიწყება მასობრივი შეწყალებები, ათასი კაცი რომ შეიწყალოს პრეზიდენტმა, ყოველ მეორე კანონს ვეტო დაადოს, სულ სხვა პოლიტიკური სიტუაცია გვექნება და მაშინ ვიტყვით, რომ ეს მართლა სერიოზული დაპირისპირებაა. ახლა მარტო განცხადებებით შემოიფარგლება," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.