"ძალიან მოკლედ გიპასუხებთ, სად ვართ განხორციელების კონტექსტში. როდესაც საქართველოს მიეცა ეს ჩამონათვალი ევროკომისიის მხრიდან, ჩვენ მყისიერად დავიწყეთ მასზე მუშაობა. ამ პროცესში ჩავერთეთ და ივნისისთვის ყველაფერი იქნება დასრულებული, ერთი რეკომენდაციის გარდა. ეს არის დეპოლარიზაცია, ან პოლარიზაციის დასრულება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა დეოლიგარქიზაციის საკითხზე.
"რახან იკითხეთ დეოლიგარქიზაციის საკითხი, ჩვენ გამოცდილება მივიღეთ უკრაინიდან. კარგად იცით, რომ მსგავსი კანონი მე მგონი ორი წლის წინ მიიღო უკრაინამ, და ბევრ სხვა ქვეყანას არ აქვს ამ მიმართულებით გამოცდილება. ამიტომ, უკრაინის მაგალითი ავიღეთ და ვენეციის კომისიაში გავგზავნეთ კანონპროექტი, მათგან მივიღეთ მოსაზრებები. მიმაჩნია, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. მიუხედავად ამისა, ჩვენ გარკვეული კრიტიკაც მოვისმინეთ, რომ საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი, რატომ არ გვჭირდება, ვერ ვხვდები. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზეა საუბარი. კანონის მიღება-არ მიღების საკითხი მინდა გავშალო. ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ის არის, რომ მე არ მინდა აქ საქართველოს პოლიტიკაზე ვისაუბრო, მაგრამ რადგან იკითხეთ, რეალური ოლიგარქი არის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თქვენი ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ. როგორც კი მივიღებთ ამ კანონს, ყველაფერი იქნება გარკვეული და მისტიკას მოვხსნით ამ საკითხს და ამ ბრალდებებს. უსაფუძვლო და არგუმენტების გარეშეა ეს ბრალდებები.
ამიტომ, რადგან იკითხეთ დამფუძნებლის, ბატონი ივანიშვილის საკითხი, ძალიან ბევრი საქველმოქმედო ინიციატივა აქვს განხორციელებული. ადამიანი, რომელმაც 2012 წელს ეს ცვლილება მოახდინა ქვეყანაში, რომელმაც შეცვალა ბრუტალური დიქტატორული რეჟიმი სააკაშვილის. იმიტომ, რომ სააკაშვილის პერიოდში არ არსებობდა დემოკრატიის ნიშანი. ხალხს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ციხეებში, ქუჩებში კლავდნენ, 300 000-ზე მეტი ადამიანი იქნა გასამართლებული.
არ იყო არც თავისუფალი მედია, არც რეალური სამართალი, არც კანონის უზენაესობა. ჩვენ დრამატული ცვლილებები მოვახდინეთ ბოლო ათი წლის განმავლობაში და ეს ცვლილება უზარმაზარია. როგორც დღე და ღამე განსხვავდება, ისეთი განსხვავებაა," - განაცხადა პრემიერმა.