"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ საქართველოს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე უარი უნდა ეთქვა.
მისივე შეფასებით, ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება არ ყოფილა გამოწვეული საქართველოს მოქალაქეებზე რეალური ზრუნვით, როგორც მთავრობას სურს ამის წარმოჩენა, რადგან მისი თქმით, გამოჩნდა, რომ ამ რეისებზე მოთხოვნა არცთუ ისე დიდია.
"ამას არაფერი არ მოყვებოდა გარდა იმისა, რომ ეს იქნებოდა მკაფიო პოზიცია ჩვენი ქვეყნის მხრიდან, რომ როდესაც შენი უახლოესი პარტნიორები ზღუდავენ თავიანთ ურთიერთობებს, შენ არ უნდა გააფართოო ამ დროს, ხომ?! არაფერ კავშირში არ არის ეს ჩვენი მოქალაქეების ინტერესებთან, ამაზე საუბარი არის აბსოლუტურად უადგილო და სინამდვილეში, არაფერ შუაში არ არის იმიტომ, რომ თვითონ ვინც ფრენებს ახორციელებს, ისინი აცხადებენ რომ დატვირთული არ არის ფრენები, მოისმინეთ იგივე "აირზენას " განცხადება. აქედან გამომდინარე, ესეც აბსოლუტური ტყუილია, რომ ვითომ დიდი ზრუნვა იყო ან პუტინის მხრიდან ქართველებზე, რომ როგორმე კომფორტი შეჰქმნოდათ ან საქართველოს მთავრობა ხელმძღვანელობდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებით.
ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს ჩვენი უახლოესი პარტნიორების ინტერესებთან, ასეთი რამე შეუძლებელია. ამ მომენტში, როდესაც ყველა ჩვენი მეგობარი გვეუბნება, რომ ჩვენ ვზღუდავთ, მეგობრებო, რუსეთთან კომუნიკაციას, ვაჭრობას ვამცირებთ, არავინ არ ამბობს, რომ ის ნულამდეა დაყვანილი, მაგრამ შემცირების შეუქცევადი ტენდენციაა. პრემიერ-მინისტრი ხშირად რომ ამბობს და შეგნებულად ავრცელებს მცდარ ინფორმაციას, თითქოს ევროკავშირი უზარმაზარ თანხებს უხდის რუსეთს, ეს მონაცემები უნდა შევადაროთ იმას, თუ როგორი იყო ეს ვაჭრობა იქამდე, სანამ რუსეთი განახორციელებდა აგრესიას უკრაინაში,"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.