20 აპრილი 2024,   10:50
ვრცლად
200-მდე ქართველი ხელოვანი ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოების საერთაშორისო ორგანიზაციის წინააღმდეგ - კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, ორგანიზაციას წერილით მიმართეს

200-მდე ქართველი ხელოვანი ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოების საერთაშორისო ორგანიზაციის წინააღმდეგ. კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა ორგანიზაციას წერილით მას მერე მიმართეს, რაც გაირკვა, რომ "სიზაკმა" საავტორო უფლებათა კანონში შესატანი ცვლილებები გააკრიტიკა და ამის შესახებ განცხადება საკანონმდებლო ორგანოს გამოუგზავნა. ხელოვანებში საერთაშორისო ორგანიზაციის წერილმა პროტესტი გამოიწვია.

ხელოვანები ფიქრობენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციას არასწორი ინფორმაცია, საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელმა მიაწოდა.

გიგა კობალაძე ბრალდებებს უარყოფს. კურიერთან სატელეფონო საუბარში საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ "სიზაკმა" კანონპროექტთან დაკავშირებით, ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოდან მიიღო. კობალაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები ცილისწამებაა.

პარლამენტის კულტურის კომიტეტში ამბობენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან კანონის სამუშაო ვერსიაზე რეკომენდაციები, თავად მოითხოვეს, მათ შორის "სიზაკი"-დან. თუმცა, ხელოვანების მსგავსად, მათთვისაც გაუგებარია, რატომ ითხოვდა საერთაშორისო ორგანიზაცია, კანონის უკან გაწვევას, ჯერ კიდევ მაშინ, როცა პროექტი ინიციირებულიც არ იყო.

საავტორო უფლებათა ასოციაციისა და მისი ხელმძღვანელის მიმართ კრიტიკა, უკვე მრავალი წელია ისმის. ხელოვანებისთვის გაუგებარი იყო, ჰონორარების განაწილების პრინციპი.

პრობლემები, რომელზეც ხელოვანები საუბრობენ კანონმდებლობამ უნდა მოაწესრიგოს. კულტურის კომიტეტს, საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს, ორშაბათს სხდომაზე დეპუტატები პირველი მოსმენით "საავტორო და მომიჯნავე უფლებების კანონში" განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელებენ.

დღის ამბები