უკვე მეორე დღეა პოლიტიკური განხილვის თემაა ოპოზიციის განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით. სახიფათო და მოღალატეობრივი გეგმა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას და სალომე სამადაშვილის განცხადებებს.
ნიკა გვარამიამ ჯერ თქვა, რომ აფხაზეთი არის ტრავმული მეხსიერება, შემდეგ კი ურთიერთობის დალაგების საუკეთესო მაგალითად მოიყვანა ფაშინიანი, რომელმაც მისი თქმით, ყარაბაღი დათმო. სალომე სამადაშვილის განცხადებით კი, საქართველო აფხაზებისთვის უკეთეს ალტერნატივას ვერ ქმნის.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ეს არის ძალიან ცუდი პარალელი.
"ტრავმული მეხსიერება არ არის ჩვენთვის აფხაზეთი. დავთმოთ აფხაზეთი ისევე როგორც დათმო სომხეთმა მთიანი ყარაბაღი, ეს არის ძალიან ცუდი პარალელი და ამ პარალელის შემოტანით პოლიტიკურ, სადებატო სივრცეში, რასაკვირველია, თავის აზრს გამოთქვამს, მაგრამ მიუთითებს, ხაზს უსვამს, რომ არსებობს განსხვავებული აზრებიც იმისაგან, რასაც ჰქვია ტერიტორიული მთლიანობა და ამაზე მყარი პოზიციაა. ვისთვის არის ეს მესიჯი გაგზავნილი, ჯერჯერობით გაუგებარია, მაგრამ ფაქტია, რომ დაპირისპირების ახალი პლატფორმა იქმნება, სადაც საკმაოდ ხისტი განცხადებების მოლოდინში უნდა ვიყოთ. ამასთან დაკავშირებით, მე არ ვფიქრობ, რომ ეს განცხადება, ისევე როგორც ბარამიძის განცხადება, ისევე როგორც "პასეს" რეზოლუციაზე ხელმოწერა იყო შემთხვევითი. ამას ყველაფერს თავისი მიზანი ჰქონდა, ამ განცხადებასაც თავისი მიზანი აქვს," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.