19 აგვისტო 2026,   14:05
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას, შესაბამისად ჩემთვის ეთიკური თვალსაზრისითაც არ იქნება სწორი მისი განცხადების შეფასება - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა დღეს ბრიფინგზე მედიის შეკითხვას უპასუხა ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით. გამოქვეყნებულ წერილში ირაკლი ღარიბაშვილი მისი და ოჯახის წევრების უსაფრთხოებას ითხოვს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, მისი მხრიდან ამ თემაზე საუბარი არაეთიკურია და საკითხს შესაბამისი უწყებები გაარკვევენ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ღარიბაშვილის ოჯახის უსაფრთხოების თეორიული რისკიც კი არ არსებობს.

"ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი რაზეა საუბარი, მე ვიცი ერთი რამ, რომ არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი, დანარჩენი არის მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმე. მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე, მათ შორის იმის გამოც, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას, შესაბამისად ჩემთვის ეთიკური თვალსაზრისითაც არ იქნება სწორი მისი განცხადების შეფასება. ძალიან პრობლემური განცხადებაა, ასე ვიტყოდი, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ ერთი მარტივი მიზეზის გამო.

პრობლემური ჩვენთვის არაა. პრობლემური თავისთვის არის. მე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. მე გარანტიას ვიძლევი, რომ ეს უსაფრთხოება დაცულია და ამიტომ არის ჩემთვის გაუგებარი ეს წერილი, რაც გუშინ გამოქვეყნდა, განცხადება რაც გუშინ გამოქვეყნდა. რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე როგორც მისი, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, ბუნებრივია, ეს არის ზოგადად სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.

რაიმე თეორიული ვარიანტი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ რატომ შეიძლება შეექმნას ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე?

რაზეც არის საუბარი ამ განცხადებაში, ასეთ თეორიულ რისკსაც ვერ ვხედავ, ეს არის რაც შემიძლია გითხრათ ამასთან დაკავშირებით," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები