მარტში შექმნილი ოპოზიციური ალიანსი აგვისტოში უკვე იშლება.
"ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი ხანია ღიად ამბობენ, რომ ალიანსთან დაკავშირებული საკითხები მათთვის საინტერესო აღარ არის.
სააკაშვილის პარტიას თავიანთ რიგებში გაერთიანების ვერც სხვა წევრები ვერ ხედავენ. როგორ დასრულდება დაპირისპირება ოპოზიციაში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერობის გარეშე არანაირი ალიანსი არ არსებობს.
"არაფერი მოუტანია ოპოზიციისთვის ამ ალიანსს, ისევე როგორც არაფერი მოუტანია ქარტიას, რომელიც ხელში დააჭერინეს სალომე ზურაბიშვილს.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერობის გარეშე არანაირი ალიანსი არ არსებობს, იმიტომ რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა ეს სათაური არის ზუსტად გამოხატულება იმისა, რაც პოლიტიკურ ველზე ხდება. ერთმანეთთან საპირისპირო აზრი შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, ვის შეუძლია უკეთ გაატაროს ამ შინაარსის პოლიტიკა და ეს შინაარსი არის დამანგრეველი ჩვენი ქვეყნისათვის.
მადლობა ღმერთს, ამ შინაარსს არ უჭერს საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს და ეს არჩევნებზეც დადასტურდა. ეს არის დესტაბილიზაციის მიღწევა გარკვეული შედეგების მისაღებად, რომ საბოლოო ჯამში მოხდეს მარიონეტული ხელისუფლების მოსვლა, რომელიც შეასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.