15 ნოემბერი 2024,   11:02
ვრცლად
70 მილიონიანი ქონების წართმევა, მუქარა, გატაცება და შანტაჟი - ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსან გიორგი უდესიანს 8 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

70 მილიონიანი ქონების წართმევა, მუქარა, გატაცება და შანტაჟი - დაზარალებული ემზარ ლიპარტელიანია. ის "კურიერს" უყვება, რომ ამ დანაშაულების უკან "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებული ბიზნესმენი გია უდესიანი და მისი გარემოცვა დგას. დაზარალებული იხსენებს, რომ 2007 წლიდან მას ეტაპობრივად აიძულებდნენ ქონების დათმობას. 2009 წლის 9 ნოემბერს კი, რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი აფთიაქიდან უდესიანმა და მისმა გარემოცვამ გაიტაცა და ბოლო წილებიც დაათმობინა. საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებული ზაჰესის ტერმინალის შენობაში ჩაკეტეს და იარაღის მუქარით ცაგერში მდებარე წყლის ქარხანა და პროექტები დაათმობინეს.

ემზარ ლიპარტელიანის საქმის განხილვა 2 წელს გაგრძელდა. გამოიკვლიეს დოკუმენტები და დაიკითხეს მოწმეები. მთავარი მოწმე აფთიაქის თანამშრომელია, რომელიც ემზარ ლიპარტელიანის გატაცების ფაქტს შეესწრო.

გია უდესიანი და და მისი ნათესავი ჯგუფური გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებებს არ აღიარებენ. მათი ინტერესების დამცველი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.

დაუსწრებლად გასამართლებული უდესიანი, რამდენიმე წელია საქართველოს ძებნილად ჰყავს გამოცხადებული. ერთ-ერთი ვერსიით, ის საფრანგეთში იმყოფება. გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, ქართული მხარე, სავარაუდოდ მის გადმოცემას მოითხოვს.

გია უდესიანი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, საქართველოში კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული. მას მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანისთვის კუს ტბის წილების გამოძალვას ედავებიან. საქმეზე სასამართლო განხილვები ჯერ კიდევ გრძელდება.

უკანონო სამეწარმეო საქმიანობისთვის 8 წელი აქვს მისჯილი და სასჯელს იხდის უდესიანის დის ქმარი, ზაზა გუგავაც. უდესიანის და მისი ნათესავის წინააღმდეგ, ქართულ სასამართლოში დაზარალებულად ცნობილი ემზარ ლიპარტელიანი კიდევ ერთ დავას უახლოეს მომავალში დაიწყებს და ჩამორთმეული 70 მილიონის ღირებულების ქონების დაბრუნებას მოითხოვს.

დღის ამბები