27 მაისი 2024,   16:25
ვრცლად
ანაკლიაში სალოტბარო სკოლების ფესტივალი გრძელდება - 120 მონაწილე ერთობლივ ფოლკლორულ ნომერს მოამზადებს და მინისპექტაკლს წარმოადგენს

ანაკლიაში სალოტბარო სკოლების ფესტივალი გრძელდება. "მომავლის ხმების“ მეორე დღე სპორტული აქტივობით დაიწყო და რეპეტიციით გაგრძელდა. 120 მონაწილე ლენტეხის, ფოთის, ხარაგაულის, ყვარლის, ამბროლაურის და ოზურგეთის სალოტბარო სკოლებიდან ერთობლივ ფოლკლორულ ნომერს მოამზადებს და მინისპექტაკლს წარმოადგენს.

„ვახტანგ მეფის ფერხულს“ მონაწილეებს ლოტბარი ლიკა ლიპარტელიანი და ქორეოგრაფი ლაშა მძინარაშვილი შეასწავლიან. წარმოდგენაში მოსწავლეებთან ერთად სალოტბარო სკოლების ლოტბარები და ფესტივალის მოხალისე - ლიდერებიც მონაწილეობენ.

სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“ ანაკლიაში 17 – 28 ივლისს სამ ეტაპად გაიმართება. ჯამში პროექტში 18 სალოტბარო სკოლის 400 მოსწავლე მონაწილეობს საქართველოს ყველა რეგიონიდან. ფესტივალის პროგრამა მოიცავს, როგორც შემოქმედებით, ისე სპორტულ და გასართობ აქტივობებს.

ქორეოგრაფიული მიმართულებით ფესტივალთან აქტიურად თანამშრომლობს ცნობილი ქორეოგრაფი, მოცეკვავე და კასკადიორი, ტაურუსის ჯილდოს მფლობელი ლაშა მძინარაშვილი.

ფოლკლორული სიმღერის მასტერკლასებს ჩაატარებენ ანსამბლ "ბასიანის" სოლისტები.

ფესტივალის მონაწილეებს მსოფლიო ხალხთა მუსიკას გააცნობს "თუთარჩელას" ხელმძღვანელი თამარ ბუაძე.

ფესტივალის პროგრამაშია – ლოტბარის საათი, რომელსაც ანსამბლ "ლალხორის" ხელმძღვანელი ლიკა ლიპარტელიანი წარუძღვება.

მოსწავლეები გუნდებად გადანაწილდნენ და თითოეულ გუნდს ორი მოხალისე- ლიდერი ჰყავს. ლიდერებს შორის არიან სალოტბარო სკოლების კურსდამთავრებულებიც.

ყოველწლიური ფესტივალი "მომავლის ხმები” კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით იმართება. ფესტივალის მხარდამჭერია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია.

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით, სალოტბარო სკოლები საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს. სკოლებში ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული გალობის შესწავლა ნებისმიერ მსურველს უსასყიდლოდ შეუძლია .

დღის ამბები