დავით კეზერაშვილის გავლენებზე "ნაციონალურ მოძრაობაში" უკვე ღიად საუბრობენ - გია ბარამიძე ადასტურებს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს პარტიაში ძალაუფლება აქვს და ამისთვის ფინანსურ რესურსებს ხარჯავს. ბარამიძე "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარესაც აკრიტიკებს და უკვირს, რატომ აღიზიანებს ნიკა მელიას პარტიაში ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის, ვანო მერაბიშვილის გავლენები. ბარამიძე მელიას უკვე პირდაპირ ეუბნება, რომ პარტია დატოვოს.
"ადამიანი ამდენ რესურსს ახარჯავს, თავის თანხას, თავის დროს, იმისთვის, რომ საქართველოს მოშორდეს პუტინისტური რეჟიმი და არ უნდოდეს, რომ რაღაც გავლენა ჰქონდეს იმ პარტიაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პარტიაა და რომელშიც მისი მეგობრები არიან?! ეს რანაირად წარმოგიდგენიათ?! ეს ნორმალური იქნებოდა?!
ნიკას გამოსვლა არ იყო გამოსვლა ადამიანის, რომელსაც სამწუხაროდ გული შესტკივა "ნაციონალური მოძრაობაზე". ძმაო ოჯახს კი ნუ დაანგრევ და კი ნუ დალეწავ იქაურობას, რომ მე თუ აქ არ ვიქნები, წყალსაც წაუღია.
მოვუწოდებ, რომ წავიდეს, თუ აღარ შესტკივა გული, თავისი ოჯახი ააშენოს, ღმერთმა ხელი მოუმართოს," - განაცხადა გია ბარამიძემ.
თავად, ნიკა მელია თანაგუნდელებს Facebook- პოსტით პასუხობს და მათ "ოცნებისთვის" საოცნებო ოპოზიციას უწოდებს. ყოფილი თავმჯდომარე წერს, რომ ეს დამახინჯებული მსჯელობა და პროპაგანდაა. ნიკა მელია გია ბარამიძეს წარსულს და მოქალაქეთა კავშირს ახსენებს.