07 ოქტომბერი 2024,   00:22
ვრცლად
ჩვენს ქვეყანაზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა „კინჟალისა" და „კალიბრის" ტიპის რაკეტებით განხორციელდა - ზელენსკი

ომის 529-ე დღეს უკრაინაში საჰაერო განგაში თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა. გავრცელდა იფნორმაცია ხმელენცკისა და ჩერკასის ოლქში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ინფორმაციით, მათ ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში, 30 ფრთოსანი რაკეტა და 27 შაჰედის ტიპის დრონი ჩამოაგდეს. რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქი "S-300" ტიპის რაკეტებით დაბომბეს, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

საღამოს ოკუპანტებმა ზაპოროჟიას ოლქის დასახლებები დაბომბეს, შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის ფრონტის ხაზზე, კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტისა და მარინკას მიმართულებით 30 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

„ჩვენს ქვეყანაზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა „კინჟალისა" და „კალიბრის" ტიპის რაკეტებით განხორციელდა. სამიზნე ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის რეგიონში უკრაინული თვითმფრინავის ძრავების მწარმოებელი ქარხანა იყო. ზოგიერთი რაკეტა ჩამოაგდეს, ამისთვის მადლობას ვუხდი ჩვენი საჰაერო თავდაცვის მეომრებს, მაგრამ რამდენი ასეთი რუსული შეტევაც არ უნდა განხორციელდეს, ეს მაინც ვერაფერს მოუტანს მტერს. ჩვენ დავიცავთ თავისუფლებას უკრაინისთვის, ჩვენი ხალხისთვის. რუსეთი ვერ შეძლებს საერთაშორისო სამართლის ჩანაცვლებას ტერორით, კრიზისებით ან დაშინებით.

მთავარია, რომ ჩვენ ყველა, უკრაინაში და დანარჩენ მსოფლიოში, ვინც ნორმალურ ცხოვრებას აფასებს, გამარჯვებისთვის ასი პროცენტით ყველანაირი გაჩერების გარეშე ვმუშაობდეთ. ჩვენი ერთიანობა, ჩვენი უნარი, ძალა გავზარდოთ, ასევე უნარი - დავაბრუნოთ ომი იქ, საიდანაც ის მოვიდა. სწორედ ეს არის ყველაზე საგრძნობი რუსეთისთვის," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები