22 დეკემბერი 2024,   07:50
ვრცლად
ევროპული კურსის მხარდაჭერის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტი "ქართული ოცნების" მხრიდან, არის პირდაპირი ლუსტრაცია თუ ვის სამსახურში დგას დღეს - პაატა მანჯგალაძე

"ქართული ოცნება" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებს. სახელისუფლებო გუნდის ქმედებებს, ოპოზიცია ანტიკონსტიტუციურს უწოდებს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, "ევროპული კურსის მხარდაჭერის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტი "ქართული ოცნების" მხრიდან, არის პირდაპირი ლუსტრაცია თუ ვის სამსახურში დგას დღეს".

"ირაკლი კობახიძემ, როგორც კონსტიტუციონალისტმა, უნდა იცოდეს, რომ სამართლებრივზე მეტად, პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის პოლიტიკური პროცესი, რადგან საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება, არანაირ სამართლებრივ შედეგს არ დადებს. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი.

ევროპული კურსის მხარდაჭერის გამო, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, "ქართული ოცნების" მხრიდან, არის პირდაპირი ლუსტრაცია თუ ვის სამსახურში დგას დღეს, ე.წ. "ქართული ოცნების" ხელისუფლება. ხელის მოწერა და დათანხმება ამ იმპიჩმენტის პროცედურაზე, ღიად საქართველოს ინტერესების ღალატს ნიშნავს", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარტიის ”საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივნის ბერდია სიჭინავას თქმით, იმპიჩმენტთან დაკავშირებით საუბარი, ხელისუფლების მხრიდან სისულელე და თითიდან გამოწოვილი თემაა.

"ვხედავთ პოლარიზაციის მცდელობებს, "ოცნების" თავდასხმას პრეზიდენტის ინსტიტუტზე, რომელიც პირდაპირი ფორმით ვალდებულია, როგორც კონსტიტუციური ერთ-ერთი ორგანო, ყველაფერი უზრუნველყოს იმისთვის, რომ ევროკავშირში და ევროატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველო სრულფასოვანი წევრობა იყოს უზრუნველყოფილი. კონსტიტუციის 78-ე მუხლი ავალდებულებს პრეზიდენტს მსგავსი ნაბიჯების გადადგმას. შესაბამისად, იმპიჩმენტთან დაკავშირებით საუბარი, რომელიც იქნება უდიდესი სისულელე, რასაც ხელისუფლება გააკეთებს, არის აბსურდი, თითიდან გამოწოვილი. თუ ვინმე კონსტიტუციას არღვევს, ამ ქვეყნის კონსტიტუციურ არჩევანს ეწინააღმდეგება, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ეს არის "ქართული ოცნება", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

დღის ამბები