20 ნოემბერი 2026,   21:23
ვრცლად
ფონიჭალაში, ტრაგედიის ადგილზე მთელი დღის განმავლობაში დაღუპულთა ოჯახის წევრები, ახლობლები და უცხო ადამიანები იკრიბებიან - მათ ადგილზე ყვავილები მიაქვთ და მომხდარ ტრაგედიას იხსენებენ

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღეა. კვირას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

გაუქმდება და გადაიდება საჯარო და გასართობი ღონისძიებები. ტელევიზიებში კი შეიცვლება საეთერო ბადე. მთელი საქართველო გლოვობს 6 ადამიანს, რომლებსაც გუშინ მაშველები მთელი დღის განმავლობაში ნანგრევებში ეძებდნენ. გადარჩა 3 წლის გოგონა თაია ფხალაძე.

11 წლის ბიჭი კი რეანიმაციიდან უკვე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. მაშველების შემდეგ, ფონიჭალაში მომხდარი ძლიერი აფეთქების ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სავალდებულო წესით დაინგრევა ხუთ სართულიანი შენობის დაზიანებული ნაწილი, ხოლო მთლიანი კორპუსის სრული დემონტაჟი და ჩანაცვლება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამას კორპუსის მაცხოვრებლები მოითხოვენ.

კვლავ მძიმეა 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა. მას სხეულის 87%-იანი დამწვრობა და სასუნთქი გზების დაზიანება აქვს, რის გამოც ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს.

კორპუსთან მთელი დღის განმავლობაში დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები იკრიბებიან. მათ ადგილზე ყვავილები მიაქვთ და მომხდარ ტრაგედიას იხსენებენ.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები