20 ნოემბერი 2026,   21:30
ვრცლად
მანილაში საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო დიალოგი გაიმართა

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო ასამბლეის 47-ე ყოველწლიური სხდომის ფარგლებში, საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა.

ნიკოლოზ სამხარაძემ მიმოიხილა ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა. ისაუბრა სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე.

"სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა, სადაც შესაძლებლობა მქონდა, მესაუბრა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ როლზე ენერგეტიკული უსაფრთხოების, „შუა დერეფნის“, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო და ციფრული დაკავშირებადობის განვითარების მიმართულებით. ასევე ხაზი გავუსვი, საქართველოს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, ეკონომიკური თავისუფლების, გამჭვირვალობისა და მმართველობის სფეროში მიღწეულ შედეგებს", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ასეან-ის საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს. აღნიშნეს, რომ საქართველოსთან აკავშირებთ კარგი პოლიტიკური ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით - სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურის, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი გამოთქვეს.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, მათი სურვილია, საქართველოს მხრიდან ორმხრივი ვიზიტები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში კიდევ უფრო მეტი სიხშირით განხორციელდეს.

"ყველა ქვეყნის დელეგაციამ აღნიშნა, რომ მათი სურვილია, საქართველოსთან როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების გაღრმავება. მათ გამოთქვეს მზადყოფნა მოხდეს თანამშრომლობის გაძლიერება სხვადასხვა სფეროში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზეც. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით პროცესის დაწყება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებას, არამედ ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კონტაქტების გაღრმავებასაც. მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი და რომ მათი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ურყევი", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს შესახებ მოსმენაში მონაწილეობდნენ ფილიპინების, სინგაპურის, ტაილანდის, მალაიზიის, ვიეტნამის, კამბოჯის, ლაოსის და ბრუნეის საპარლამენტო დელეგაციები და
ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თორნიკე ნოზაძე.

 

დღის ამბები