20 ნოემბერი 2026,   21:30
ვრცლად
საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე, 6 დაღუპული, 5 გადარჩენილი და 15 საათიანი სამაშველო ოპერაცია - 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის თვითმხილველები იმ წუთებს იხსენებენ, როცა ხუთსართულიან კორპუსში მათ თვალწინ ნგრევა დაიწყო.

ნანახისა და გადატანილის შესახებ ემოციების გარეშე საუბარი უჭირთ.

ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ტრაგედიის ადგილზე კი მოქალაქეები მიდიან, მიაქვთ ყვავილები და სათამაშოები.

აფეთქების ადგილას დილიდან მისულ მოსახლეობას ნანგრევებად ქცეული კორპუსის მიმდებარე სადარბაზოებიდან ნივთების გამოტანის საშუალებაც მიეცა. ისიც მცირე ხნით და მეხანძრე-მაშველების დახმარებით.

შემთხვევის ადგილზე დილიდან მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური. მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები.

ადგილზე მივიდნენ "თბილისი ენერჯის" სპეციალისტები, კორპუსში მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 140-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ინგოროყვას კლინიკაში ამ დრომდე რჩება 3 წლის თაია, მასთან ერთად კიდევ ერთი არასრულწლოვანი. ბავშვებთან ამ დროისთვის ფსიქოლოგები მუშაობენ.

დაშავებული პატარები დღეს პრემიერ-მინისტრმა, დედაქალაქის მერმა და ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულეს, გამოჯანმრთელება უსურვეს, დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ის დამწვრობის ცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. აფეთქება სწორედ მის ბინაში მოხდა. მამაკაცმა ექიმებს უთხრა რომ ღამით გამათბობლის ჩართვას ცდილობდა, თუმცა ვერ შეძლო, ბუნებრივი აირის ონკანი კი ღია დარჩა. სავარაუდოდ, გაზი ბინაში მთელი ღამის განმავლობაში დაგროვდა. დილით კი გამათბობლის ჩართვა კიდევ ერთხელ სცადა,რასაც აფეთქება მოყვა

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული 150-მდე ადამიანი თბილისის მერიამ სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასების მიხედვით, აფეთქების ადგილზე მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური. დროებით საცხოვრებელში გადაყვანილ 28 ოჯახს დახმარებას მუნიციპალიტეტი გაუწევს.

აფეთქების ხმა ქვემო ფონიჭალაში 19 ნოემბრის დილის 9 საათზე გაისმა. ხუთსართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად დაინგრა. ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოყვანას მაშველები 15 საათიანი უწყვეტი ოპერაციის განმავლობაში ცდილობდნენ. გადარჩენას თითქმის 8 საათის განმავლობაში ელოდებოდა პატარა გოგო, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს.

ქვემო ფონიჭალაში კორპუსის ნანგრევებიდან ექვსი გარდაცვლილის ცხედარი ამოასვენეს, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია. 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, მთავრობის წევრებმა, "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინა ივანიშვილმა.

დღის ამბები