გურიაში, სტიქიის ზონაში იმყოფება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე. იგი სამაშველო ოპერაციასთან დაკავშირებით, ინფორმაციას სოფელი ჯიხანჯირიდან ავრცელებს, სადაც ფერდის ჩამოშლის შედეგად, მიწის ქვეშ მოექცა ერთ-ერთი სახლის დამხმარე ნაგებობა. შენობაში არასრულწლოვანი იმყოფებოდა და მაშველები სწორედ მის გადარჩენას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და სამაშველო ჯგუფები.
"ჩვენ ვიმყოფებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჩოჩხათის თემის სოფელ ჯიხანჯირში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული წერტილი. უპირველესი გახლავთ სწორედ ადამიანების გადარჩენა, მათი სიცოცხლე, ჯანმრთელობა. მხოლოდ ამის შემდეგ, უკვე მუნიციპალიტეტი და მთავრობის შესაბამისი სამსახურები დაუბრუნდებიან ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოებს,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.