16 ოქტომბერი 2026,   14:44
ვრცლად
"კიევის მხარდაჭერა უშედეგოა, მან უკვე წააგო. ომის გახანგრძლივება გერმანიისთვის რისკებს ქმნის" - AfD-ის ლიდერი ალის ვაიდელი

უკრაინა რუსეთს ვერ მოუგებს, ეს შეუძლებელია. ომი უკვე წაგებულია - ამის შესახებ "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) თანათავმჯდომარემ, ალის ვაიდელმა განაცხადა და აღნიშნა, რომ "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) გერმანიის მიერ კიევის მხარდაჭერის შეწყვეტას გეგმავს.

"კიევის მხარდაჭერა უშედეგოა: უკრაინა ძალიან პატარაა და მან უკვე წააგო", - განაცხადა ვაიდელმა.

პოლიტიკოსის თქმით, გერმანიამ "ზეწოლა უნდა მოახდინოს უკრაინის პრეზიდენტზე, რათა შეწყდეს მკვლელობები". ის მიიჩნევს, რომ გერმანიის პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს პრინციპს - "გერმანია უპირველეს ყოვლისა", მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მაგალითის საფუძველზე, რომელმაც რუსეთთან დიზელის საწვავის შესახებ შეთანხმება დადო.

"ომის გახანგრძლივება გერმანიისთვის რისკებს ქმნის, რადგან ის თავად შეიძლება სამიზნე გახდეს. ეს სრულიად შესაძლებელია, რასაც ნატოს მოკავშირეებზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმები ადასტურებს", - განაცხადა ვაიდელმა. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ლაიფციგის აეროპორტში დრონებით თავდასხმის მცდელობაში რუსეთის მონაწილეობის არანაირი მტკიცებულება არ უნახავს.

ის ასევე შეეხო უკრაინელი ლტოლვილების საკითხს. მისი განმარტებით, გერმანიაში მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს და ისინი სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ "როგორც კი მშვიდობა დამყარდება".

როდესაც ვაიდელს ჰკითხეს, არსებობს თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მხრიდან მშვიდობის სურვილის რაიმე ნიშანი, AfD-ის ლიდერი კითხვას სხვაგვარად სვამს: "ვოლოდიმირ ზელენსკიზე რას იტყვით?"

ამასთან, ის აღიარებს, რომ 2022 წელს რუსეთი აგრესორი იყო, თუმცა "როდესაც დიპლომატები მოლაპარაკების მაგიდას უსხედან, იქ ისტორიაც ზის".

ბრიტანული ჟურნალის განმარტებით, ამით ვაიდელი გულისხმობს, რომ დასავლეთი ათწლეულების განმავლობაში უგულებელყოფდა რუსეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და ამგვარი დამოკიდებულება უნდა შეწყვიტოს.

დღის ამბები