07 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი, პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. განცხადება პროფკავშირმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ძვირფასო კოლეგებო, ყველა პედაგოგის ცხოვრებაში ახალი სასწავლო წელი ნიშნავს ახალ ეტაპს სასწავლო-სააღმზრდელო საქმიანობაში, რაც სიხარულთან ერთად დაკავშირებულია ახალი გამოწვევების დაძლევასთან. ამით არის პედაგოგის პროფესია საინტერესო, საამაყო და დასაფასებელი. ყოველი ახალი კლასი/ჯგუფი და აღსაზრდელი ახალი ემოცია და გამოწვევაა.
გილოცავთ 2023-2024 აკადემიური წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას!


მძიმე და დატვირთული ზაფხულის შვებულება ჰქონდა ბევრ მასწავლებელს, მათ, ვინც კარიერული წინსვლისთვის წარადგინეს პრაქტიკული საქმიანობის საქაღალდე - პორტფოლიო შესაფასებლად, მონაწილეობა მიიღეს პორტფოლიოს შეფასების ექსპერტთა ჯგუფებში და საგნობრივ გამოცდებში. მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო იმ პედაგოგების მიმართ, რომელთაც უანგაროდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, თავდაუზოგავად იმუშავეს პორტფოლიოს შეფასების კომისიებში, ორგანიზება გაუწიეს ეროვნულ/რაიონულ/საქალაქო კონფერენციებს და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით წარადგინეს პირადი გამოცდილების პრეზენტაციები",- აღნიშნულია განცხადებაში.


მისასალმებელია პედაგოგთა შრომა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის. ეს რთული პროცესია! გილოცავთ სტატუსის ამაღლებას!
სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როდესაც პედაგოგთა გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო დაწესებული სტანდარტის დაკმაყოფილება და საგნობრივ გამოცდებზე ბარიერის გადალახვა. მინდა მივმართო მათ: გულს ნუ გაიტეხთ, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ვეცდებით, მაქსიმალურად აღმოგიჩინოთ დახმარება, პორტფოლიოს წარმოების/პროფესიული ზრდისათვის საჭირო ტრენინგებით და სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით.
წინ უამრავი სიახლე და სირთულე გველის! გადასაჭრელია პრობლემები, რომელსაც წლების განმავლობაში ვაყენებთ: საჯარო სკოლის მასწავლებელთა საბაზო ხელფასის ზრდა; მცირეკონტიგენტიან სკოლებში საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრების მასწავლებელთა სტატუსის დანამატების სრულად გაცემის საკითხი; საჯარო სკოლის ადმინისტრაცია/ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა; ყოფილი პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის, რომელთაც მრავალწლიანი სტაჟი და დამსახურება აქვთ სისტემაში, საგამოცდო ბარიერის სამართლიანად განსაზღვრის შესახებ და სხვა.


აღსანიშნავია, რომ გაურკვეველი მიზეზით და ვადით გადადებულია განსაკუთრებული წესით სტატუსის მინიჭების კომისია და კარიერული წინსვლის გამოცდები. ჭიანურდება სერტიფიცირებულ დირექტორთა სკოლებში წარდგენის და არჩევნების პროცესი; კრიტიკას ვერ უძლებს სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულთა ხელფასები და დარღვევები და სხვა.
თქვენი მხარდაჭერით და თანადგომით, ზემოაღნიშნული მიმართულებებით მუშაობას ვაგრძელებთ!
ძალა ერთობაშია!


სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, უმაღლეს სასწავლებლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებსა და არაფორმალური განათლების ცენტრებში დასაქმებულებს გისურვებთ წარმატებულ აკადემიურ წელს!
პატივისცემით,
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე,"-აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები