23 ნოემბერი 2024,   19:58
ვრცლად
ბოლო 2 წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა 38-ჯერ მიმართა საქართველოს მთავრობას თხოვნით, თანხმობის მიღების შესახებ, როდესაც საქმე ეხებოდა საგარეო ურთიერთობებს - ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა 38-ჯერ მიმართა საქართველოს მთავრობას თხოვნით, თანხმობის მიღების შესახებ, როდესაც საქმე ეხებოდა საგარეო ურთიერთობებს.კობახიძემ ეს განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გააკეთა, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

მისი თქმით, გასულ წელს პრეზიდენტს ვიზიტების მოთხოვნა დაკმაყოფილდა გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში, თუმცა წარუმატებელი აღმოჩნდა, ვინაიდან კანდიდატის სტატუსი ქვეყანამ მაინც ვერ მიიღო.

მისივე თქმით, აღნიშნულის გამო პრეზიდენტისთვის პასუხი არავის მოუთხოვია.

„ბოლო 2 წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა 38-ჯერ მიმართა საქართველოს მთავრობას თხოვნით, თანხმობის მიღების შესახებ, როდესაც საქმე ეხებოდა საგარეო ურთიერთობებს. მან გასული წლის აპრილის თვეში ითხოვა თანხმობა ბრიუსელში ვიზიტის განხორციელებაზე, ასევე, გერმანიასა და საფრანგეთში ვიზიტზე. ეს იყო ივნისამდე, ვიდრე გადაწყდებოდა კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ვიზიტების მოთხოვნა დაკმაყოფილდა, წარუმატებელი აღმოჩნდა, მაინც ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, თუმცა მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. იმიტომ, რომ ის პასუხისმგებელი არ არის საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე“, - აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს. საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს. თავად პრეზიდენტი სხდომას არ ესწრება. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ. ამასთან, წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრება 5 დეპუტატი, მათ შორის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები