15 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
"ჯერ კიდევ ვიბრძვით ერთიანობისთვის, სიძლიერისა და ევროპული მომავლისთვის" -ისტორიაში პირველად "ევროპალია" საქართველოს დაეთმობა

ბელგიასა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში, ფესტივალი "ევროპალია" ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ბრიუსელში, სამეფო ოჯახის პატრონაჟით იმართება და ოთხი თვის განმავლობაში გრძელდება. კულტურის საერთაშორისო ფესტივალის გახსნის დღეს, ბელგიის მეფე ფილიპე, დედოფალ მატილდასთან ერთად ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრში იმყოფებოდა სადაც გამოფენა სახელწოდებით "ავანგარდი საქართველოში 1900-1936" დაათვალიერა.

"ევროპალია" ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში დღეს გაიხსნა და თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ოთხი თვის განმავლობაში, ბელგიაში, საფრანგეთსა და ჰოლანდიაში "ევროპალია საქართველოს" ფარგლებში 60-მდე ღონისძიება ჩატარდება. ევროპულ საზოგადოებას საშუალება ექნება ქართული ეროვნული საგანძურის ორ მასშტაბური გამოფენა დაათვალიეროს, ასევე, დაესწროს თეატრალურ წარმოდგენებს და გაეცნოს ქვეყნის ეთნო კულტურას.

გახსნაზე სიტყვით გამოვიდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, რომელმაც ქვეყნის ევროპულ მომავალზე ისაუბრა.

"ქართველებისთვის დიდი პატივია, რომ ამ ფესტივალში სპეციალურად მოწვეული "სტუმარი ქვეყნის" სტატუსით ვმონაწილეობთ. ჩვენს ერს ბევრი დრო დასჭირდა გადარჩენისთვის. დღეს კი ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით ერთიანობისთვის, სიძლიერისა და ევროპული მომავლისთვის. "ევროპალია" გვაძლევს საშუალებას საკუთარი თავი წარმოვაჩინოთ დასავლეთ ევროპაში. ეს პატარა ერია დიდი ისტორიით. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. უკანასკნელი ომი რუსეთთან 2008 წელს გვქონდა. საქართველო ისწრაფვის ნატოსა და ევროკავშირისკენ. დამსახურებულ კანდიდატის სტატუსს ველოდებით დეკემბერში აქ, ევროპის გულში," - განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

ამასთან, "ევროპალიის" პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს არასდროს დაუკარგავს საკუთარი კულტურული იდენტობა.

"საქართველოს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია. მრავალფეროვანი საქართველოს კულტურა მდიდარია ჰუმანურობით და შესაბამისად საუკეთესოსაც იმსახურებს. მრავალი შემოსევების მიუხედავად, საქართველოს არ დაუკარგავს თავისი კულტურული იდენტობა. ქვეყნის ეს უჩვეულო გამძლეობა კი ძლიერი იდენტობის შედეგია, რომელიც დიდი ისტორიიდან მოდის. საქართველომ ყველა მხრიდან, აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან შეძლო მოახერხა მრავალფეროვნების ათვისება და მისი თავის კულტურასთან შერწყმა. ჩვენ მოხარულები ვართ რომ დღეს გმასპინძლობთ," - აღნიშნა "ევროპალიის" პრეზიდენტმა.

 

 

 

დღის ამბები