ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 60%-ზე მეტი უკვე შესრულებულია. გზის შემადგენელი ობიექტების მშენებლობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. ეწყობა ახალი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი და 5 გვირაბი. არსებულ ერთ ხიდს კი რეაბილიტაცია უტარდება.
ეს კი საქართველოში ყველაზე გრძელი, 9-კილომეტრიანი საავტომობილო გვირაბია, რომელიც ინჟინრებისა და არქიტექტორების შეფასებით, მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ ნაგებობას წარმოადგენს. მთავარი და ამავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბი უკვე სრულად გაჭრილია. ამჟამად, ობიექტზე ელექტრო-მექანიკური სისტემების მოწყობა მიმდინარეობს. აქტიურად გრძელდება თაღოვანი ხიდის მშენებლობაც, რომლის დასრულება მიმდინარე წელსვე იგეგმება.
მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს მონიტორინგს საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიის სპეციალისტები უწევენ. ისინი სისტემატურად აფასებენ შესრულებული სამუშაოების ხარისხს და აკონტროლებენ ტექნოლოგიურ პროცესებს. კვლევების საფუძველზე კი შენიშვნებსა თუ რეკომენდაციებს გასცემენ. მაღალი სტანდარტების უზრუნველსაყოფად, იუბიემის საინჟინრო გუნდის მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე, კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან რეაგირება ოპერატიულად მიმდინარეობს.
სოფელ წკერეში, გვირაბთან მისასვლელი ხიდის საკითხზე კონტრაქტორ კომპანიასა და საზედამხედველო ჯგუფს შორის სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა. ამ ეტაპზე ხორციელდება კონკრეტული მონაკვეთის სიღრმისეული სკანირება და მზადდება შესაბამისი დასკვნა. მომზადებული ანგარიშის საფუძველზე სპეციალისტები მიიღებენ საბოლოო ტექნიკურ გადაწყვეტილებას, რომლის გათვალისწინებაც მშენებელ კომპანიას სავალდებულო წესით დაევალება. ხადას ხეობაში მიმდინარე სამშენებლო პროცესს, ხარისხის კონტროლის მექანიზმებსა და საზედამხედველო კომპანიის საქმიანობას ინფრასტრუქტურის მინისტრი პირადად გაეცნო.
შემცირებული დრო და მანძილი, გაზრდილი უსაფრთხოება და კომფორტი - ქვეშეთი-კობის მაგისტრალი საქართველოს სტრატეგიული საგზაო ქსელის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად განიხილება. პროექტის დასრულების შემდეგ თბილისიდან გუდაურამდე მგზავრობას დაახლოებით საათ-ნახევარი დასჭირდება, ხოლო ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების დრო 15 წუთამდე შემცირდება. ზვავსაშიშროების გამო, კობის მიმართულებით მოძრაობა აღარ შეიზღუდება. ახალი გზით ხადას ხეობის სოფლების მცხოვრებლებიც ისარგებლებენ. ადგილობრივ მოსახლეობას ოთხივე სეზონზე ექნება უწყვეტი კავშირი გარე სამყაროსთან, რაც ხეობის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.
ავტორი: ირაკლი კოშაძე