14 აგვისტო 2026,   23:36
ვრცლად
ტყის ხანძრები ევროპაში - განადგურებული ათასობით ჰექტარი, მასობრივი ევაკუაცია და მილიარდობით ევროს ზარალი

ქალაქები, საკურორტო ზონები, სოფლები , ფერმერული მეურნეობები, ასეულობით ჰექტარი ტყეები და საცხოვრებელი ტერიტორიები ხანძარმა უკვე გაანადგურა. საბერძნეთის კუნძულ ჰალკიდიკის რამდენიმე დასახლებაში ადგილობრივებისა და ტურისტების ევაკუაცია გახდა საჭირო. საბერძნეთის სამოქალაქო თავდაცვის ძალებმა სოფლების - სივირისა და ფურკის მაცხოვრებლებს საშიშროების ზონის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდეს, ძლიერი ქარის გამო გაზრდილია ხანძრის გავრცელების საფრთხე. მოსახლეობამ და ტურისტებმა დასახლებები ნავებით დატოვეს. ხანძრის ჩასაქრობად 140-ზე მეტი მეხანძრე და 16 ვერტმფრენია მობილიზებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში ერთი მეხანძრე დაშავდა.

1800 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, გერმანიის დასავლეთ რეგიონში, ბელგიის საზღვართან ახლოს გაჩენილი ხანძრის გამო. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დატოვოს ტერიტორია,. ხანძრის ჩაქრობას ათეულობით მეხანძრე, სპეციალური საშუალებების გამოყენებით ცდილობს.

ტყის ხანძრებს ებრძვიან საფრანგეთშიც. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ლანდის რეგიონის სოფლებში ტყის ხანძრის გამო 500-ზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია მოახდინეს. ამდენივე მეხანძრე ცდილობს ცეცხლის ჩაქრობას. პროცესში ჩართულია 6 ვერტმფრენიც. საფრანგეთში ხანძრის კიდევ ათეულობით მსხვილი კერაა. ბოლო ერთ თვეში, ცეცხლმა თითქმის 120 000 ჰექტარზე მეტი გაანადგურა. ფრანგ მეხანძრეებს, სტიქიასთან საბრძოლველად, ავსტრალიური ვერტმფრენებიც დაეხმარებიან. ბოინგის მიერ წარმოებული ხანძარსაწინააღმდეგო ვერტმფრენი სტიქიური მოვლენის დროს ეფექტური მანევრირებისთვის არის შექმნილი.

ვერტმფრენებით ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას ესპანეთის სამხრეთ - დასავლეთითაც. ასნალკოლიარის მუნიციპალიტეტი, უესკას პროვინცია, ანდალუსია, ლას-პენიას-დე-რიგლოსის ტყე, ესპანეთშიც ხანძარს ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ებრძვიან. პროცესს არასათანადო მეტეოროლოგიური პირობები კიდევ უფრო ართულებს.

ფართომასშტაბიანი ხანძარია ინგლისში, დასავლეთ მიდლენდში, სადაც ქალაქ სტურბრიჯში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი იწვის. არიან დაშავებულებიც. თავდაპირველად ცეცხლი გოლფის მოედნის მახლობლად გაჩნდა, ხოლო მოგვიანებით სახლებსა და შენობებზე გავრცელდა. სპეციალური სამსახურები მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებენ.

საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, საბერძნეთსა და რუმინეთში

ტყის ხანძრებით გამოწვეული ზარალი 3 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს, - ამის შესახებ "ფაინენშალ თაიმსი" წერს. თანხა მოიცავს ხანძრის შედეგად განადგურებული ტერიტორიების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების ხარჯებს. მათ შორისაა ახალი ხეების დარგვა და ტყის აღდგენის სამუშაოები. ერთი ჰექტარის აღდგენის ღირებულება ქვეყნებისა და ეკოსისტემების მიხედვით განსხვავდება. რეალური ზარალი შესაძლებელია ბევრად მეტი იყოს. რადგან გამოცემის ცნობით, ევროპულ ქვეყნებში თითქმის ნახევარი მილიონი ჰექტარი ტერიტორია დაიწვა.

დღის ამბები