საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მომხდარი, უმძიმესი მკვლელობის საქმეზე, ამ დრომდე გამოკითხვები გრძელდება. პოლიცია 28 წლის მამაკაცს ეძებს, რომელმაც მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 14 წლის გოგო ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
არასრულწლოვანი 2 თვის გათხოვილი იყო, ქმარმა კი მას ნათესავის ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. მიღებული ჭრილობის შედეგად, გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
"კურიერის" ინფორმაციით იძულებითი ქორწინების მსხვერპლი ცდილობდა მამაკაცისგან თავი დაეღწია და მშობლების სახლში დაბრუნებულიყო, რის გამოც მათ შორის კონფლიქტი საკმაოდ ხშირი იყო. 28 წლის მამაკაცი კი მკვლელობის შემდეგ მიიმალა.
საქმეზე იკითხებიან ის ადამიანები, ვინც უშუალოდ შეესწრო მკვლელობას. ძებნილი მამაკაცის მამას "კურიერი" ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ მისი შვილი ძირითადად სახლში არ იმყოფებოდა, მას აქვს ფერმა და დიდ დროს სწორედ იქ ატარებდა ხოლმე. თუმცა, ასევე მისი განცხადებით, მან იცოდა მისი შვილი არაკანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდა.
სოფელში ამბობენ, რომ 28 წლის ძებნილ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
მან 14 წლის გოგონა დმანისის რაიონის სოფელ მამიშლადან მოიტაცა, დანაშაული დაახლოებით 2 თვის წინ არის ჩადენილი. იცოდნენ თუ არა ფაქტის შესახებ სკოლაში სადაც ის სწავლობდა - ამ კითხვაზე "კურიერს" ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ მათ ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ.
"სკოლამ მოიკითხა, საქმის კურსში ჩააყენა, რომ არ ცხადდება ბავშვი სკოლაში, თუმცა მშობლებმა განაცხადეს, რომ 2 დღეში აუცილებლად მოვიდოდა, სტუმრად იყო წასული გარდაბაშიო.
გონივრული ეჭვიც არ ჰქონია არავის, არც სკოლამ იცოდა და არც ჩვენ ვიყავით საქმის კურსში. სასწავლო წელი დაამთავრა ჩვეულებრივად, სრულად, ძალიან მოწესრიგებული და კარგი გოგონა იყო. 23 რიცხვში კი დამრიგებელმა დაურეკა მშობელს, ის არ გამოდიოდა კონტაქტზე. მხოლოდ მაშინ მოვიდა, როდესაც დაიბარეს სკოლაში ეს მოხდა 5 ოქტომბერს და თქვა, რომ 2 დღეში მოვიდოდა ბავშვი სკოლაში,"- აცხადებს დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მაია ხმალაძე.