""ჩვენ ომში ვართ ტერორიზმთან და ამ ომს მოვიგებთ"" - ამის შესახებ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰადას მეიცადიმ განაცხადა.
ჰადას მეიცადის "კურიერი" ესაუბრა, სადაც მან მადლობა გადაუხადა ქართულ საზოგადოებას სოლიდარობისთვის, რომელიც მისი თქმით პირველივე წუთებიდან იგრძნო და ამავდროულად ისაუბრა იმ მიზნებზე და ამოცანებზე, რომელიც ახლა ომში მყოფ ისრაელს გააჩნია.
"ჩვენ ახლა ომში ვართ, ტერორიზმის წინააღმდეგ ომში. ომში, რომელიც გუშინ დილის 7-ის ნახევარზე "ჰამასმა" წამოიწყო ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, გავაკეთებთ ყველაფერს რაც საჭიროა და როცა ვამბობთ ყველაფერს ,ვგულისხმობთ კიდეც ამას. ჩვენ, გავანეიტრალებთ "ჰამასის" შესაძლებლობებს, ისე მოვიგებთ ამ ომს, როგორც ჩვენი არსებობის განმავლობაში ვიგებდით მას ბოლო 75 წელია. მსურს მადლობა გამოვხატო, პირველ რიგში, საქართველოს მიმართ ქართული საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისგან ვიღებდით სოლიდარობას, მათ შორის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრისგან. მადლიერი ვართ თითოეული ადამიანის, ვინც დრო გამონახა და გამოაქვეყნა ჩვენი მხარდამჭერი გზავნილი, ან ისრაელის დროშის ფერში შეცვალა მისი პროფილის ფოტო. მივიღეთ ათობით გზავნილი პოლიტიკოსებისგან, ბიზნესისა თუ კულტურის სფეროს წარმომადგენლებისგან. ჩვენ ეს გვჭირდება. გვჭირდება, რომ მსოფლიომ გააგრძელოს ისრაელის მიმართ სოლიდარობა, რადგან სამწუხაროდ ეს არ იქნება ხანმოკლე და მარტივი ომი. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რადგან ვერ მივცემთ ტერორიზმს გამარჯვების უფლებას. ვიცი, რომ ქართველებს ეს კარგად ესმით. ჩვენი მიზანია აღვადგინოთ უსაფრთხოება და მშვიდობა ისრაელისთვის და პასუხი ვაგებინოთ თითოეულ ტერორისტს, ვინც ეს სასტიკი შეტევა დაიწყო. არიან ისეთებიც, ვისაც სურს ამ სიტუაციით ისარგებლოს. ჩვენ გზავნილი მათ მიმართ მკაფიოა. მკაფიო იყო აშშ-ის მხარდაჭერაც, რომლითაც პრეზიდენტმა ბაიდენმა ამ მხარეების მიმართა. მათ კარგად იციან ისრაელის შესაძლებლობები", - განაცხადა ჰადას მეიცადიმ.
ჰადას მეიცადის თქმით, უსაფრთხოების სამსახურები, ისრაელის შიგნით შემოჭრილ ტერორისტებთან ბრძოლას აგრძელებენ და ელოდებიან მათი სრულად განეიტრალების შესახებ ინფორმაციას.
"ისრაელის მისამართით სარაკეტო იერიშები დღესაც გრძელდება, თუმცა იმ მასშტაბით არა, როგორც გუშინ. უსაფრთხოების სამსახურები აგრძელებენ ისრაელის შიგნით შემოჭრილ ტერორისტებთან ბრძოლას. ველოდებით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ისინი საბოლოოდ გაანეიტრალეს. ჩემი საცხოვრებელი სახლი, მასკერატბატი, რომელიც ისრაელის ცენტრში მდებარეობს, ასევე მოხვდა შეტევის ქვეშ. ჩემმა მშობლებმა და დებმა ღამე თავშესაფრებში გაატარეს. მილიონობით ადამიანია ასეთ მდგომარეობაში. ეს სამწუხაროსთან ერთად ძალიან რთულია, თუმცა ისრაელი მედეგი ქვეყანაა და მნიშვნელოვანია ეს გვახსოვდეს. რაც შეეხება ღაზას, ღაზის ისტორია ტრაგიკული ისტორიაა. მას შემდეგ, რაც "ჰამასმა" ეს მიწა დაიკავა, ისინი საკუთარ ხალხს იყენებდნენ ფარად, ისრაელი აკეთებს მაქსიმუმს, რომ დაიცვას ღაზაში მყოფი უდანაშაულო ხალხი, მაგრამ ეს მარტივი საქმე არაა. რადგან "ჰამასი" მიზანმიმართულად, ცინიკურად აგრძელებს მათ გამოყენებას, იმალებიან სკოლებში, საავადმყოფოებში. ვფიქრობ, მსოფლიოს უნდა ახსოვდეს, რომ "ჰამასს" პასუხი უნდა გავცეთ და ეს იქნება სარგებლიანი, მათ შორის, ღაზაში მცხოვრები მოსახლეობისთვის. ახლა, ისრები მათკენ უნდა მივმართოთ, ვინც ამ რადიკალური, ფანატიკური იდეოლოგიით სისასტიკეს ჩადის", - განაცხადა ელჩმა.