06 ოქტომბერი 2024,   20:11
ვრცლად
ისრაელის მტკიცებით, ლიბანში "ჰეზბოლას" ორი ობიექტი გაანადგურა - ბოლო ცნობები ახლო აღმოსავლეთიდან

ღაზას სექტორში ეგვიპტიდან რიგით მეორე კოლონა, ჰუმანიტარული ტვირთით სავსე კიდევ 14 მანქანა შევიდა. პროცესს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. სააგენტო "როიტერის" ცნობით, მას შემდეგ, რაც სატვირთო მანქანები საკონტროლო პუნქტთან გამოჩნდნენ, აფეთქება მოხდა. დაშავებულია ეგვიპტის

სასაზღვრო პუნქტის 7 წარმომადგენელი. მოგვიანებით გაკეთდა განმარტებებიც. ისრაელის სამხედროებმა აღიარეს, რომ ერთ-ერთმა მათმა ტანკმა შემთხვევით გაისროლა. თელ-ავივმა მომხდარის გამო სინანული გამოთქვა. დაწყებულია გამოძიება.

ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის პრეზიდენტების შემდეგ, ისრაელში უკვე საფრანგეთისა და ნიდერლანდების პირველ პირებს ელოდებიან.

გრძელდება ისრაელის თავდაცვის ძალების იერიში ღაზაზე. გარდა ამისა, ავიაციამ შეუტია ლიბანის ტერიტორიაზე არსებულ "ჰეზბოლას" ორ ობიექტს, საიდანაც თელ-ავივის მტკიცებით, ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვება იგეგმებოდა. ცახალი ასევე ამბობს, რომ მათ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მეჩეთზე იერიშით "გარდაუვალი ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს".

პარალელურად, ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთში საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. ამის მიზეზად შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმების სერიას ასახელებს, რომლებიც ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების მიერ განხორციელდა.

ბოლო მონაცემებით, ომის მე-17 დღეს ღაზაში 4 600-ზე მეტი პალესტინელია დაღუპული, ისრაელს 1400 გარდაცვლილი ჰყავს.

დღის ამბები