ქმრის მიერ მოკლული 14 წლის გოგონას საქმეზე ბრალდებულთა წრე შესაძლოა გაფართოვდეს. ამ წუთებში რუსთავის საქალაქო სასამართლოში მკვლელობისთვის დაკავებულის მშობლების გამოკითხვა იწყება.
ბრალდებულის დედ-მამა, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. გამოძიებას აინტერესებს, იცოდნენ თუ არა მათ იძულებითი ქორწინების შესახებ, თუ ინფორმაცია დადასტურდა, მშობლები შესაძლოა დარბაზშივე დააკავონ.
გარდა ამისა, "კურიერის" ინფორმაციით, გამოძიება დაინტერესებულია მკვლელობაში ბრალდებულის დისა და ბიცოლის პიროვნებით, რომლებმაც არსებული ცნობით, იცოდნენ იძულებითი ქორწინების შესახებ. ისინიც სავარაუდოდ, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხებიან.
"16 წელს მიუღწეველთან სქესობრივ ურთიერთობას, ეს მშობლებმა რომც იცოდნენ, მათ როგორც ახლო ნათესავებმა შეიძლება პასუხისმგებლობა არ აიღონ. ვინაიდან, პასუხისმგებლობაში მათი მიცემა შესაძლებელია არ მოხდეს მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობაზე თუ არის საუბარი. მაგრამ, თუ მათი მხრიდანაც იყო აქტიური მოქმედება ან მოტაცებაში, ან რაიმე სხვა ქმედებაში, მაშინ შესაძლებელია მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
დედის და მამის პასუხისგებაში მიცემას არ ველოდები. დანაშაულის შეუტყობინებლობის ნაწილში დას ვერ წაუყენებენ ბრალს, რადგან ახლო ნათესავია, მაგრამ ბიცოლა იმის გამო, რომ ახლო ნათესავად არ ითვლება და ამასაც იურიდიულად ევალებოდა საგამოძიებო ორგანოებისთვის შეეტყობინებინა, შესაძლებელია, მისი პასუხისმგებლობა დადგეს," - აცხადებს ადვოკატი ალი ბადიროვი.