ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში, 115-ე შეხვედრა მიმდინარეობს.
განსახილველ საკითხებს შორის მთავარი, საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებაა. ამ დროისთვის, ცხინვალის ციხეში 7 ადამიანი რჩება.
განიხილება უკანონო დაკავების ბოლო შემთხვევაც, რომელიც საოკუპაციო ხაზთან გუშინ მოხდა. ღამის 10 საათზე, ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ტახტისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალებმა მწყემსი დააკავეს.
დღესვე, განიხილავენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტებსაც.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, უკანონო ბორდერიზაციის სამი ფაქტი დაფიქსირდა.
"მთავარ თემას წარმოადგენს უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების დაბრუნება საკუთარ ოჯახებში. დღეის მდგომარეობით, 7 უკანონო პატიმარი გვყავს, რადგან გუშინ, დაახლოებით, 22:00 საათზე, მოხდა კიდევ ერთი უკანონო დაკავება. დაახლოებით, 22:00 საათზე მივიღეთ შეტყობინება დაკავების შესახებ, შემდეგ გააქტიურდა ცხელი ხაზი და მოგვიანებით საოკუპაციო ძალებმა დაგვიდასტურეს აღნიშნული ფაქტი. ამაზე, რა თქმა უნდა, განმარტებებს მოვითხოვთ.
ბორდერიზაციის ფაქტი დაფიქსირდა ოკუპირებულ სოფელ ქარძმანთან, ასევე ერთი შემთხვევა დაფიქსირდა გორის მუნიციპალიტეტში სოფელ არწევის მიმდებარე ტერიტორიაზე და ბორდერიზაციის ფაქტი დაფიქსირდა გუშინ, ერგნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც მავთულხლართები გაავლეს", - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.